Qetinodeida's Blog

November 2, 2009

ქეთინო გადის პრავაზე

უჰ, დამადგა საშველი, ვიყავი ენდოკრინოლოგთან, ძლივს გამოვისწორე მეტყველება. ამოვიჩარე ერთი ჩერი ბანბანერკა იღლიაში და ვესტუმრე. კიდევ კარგი, ნახევარი ისევ მე შევჭამე, თორემ გავსკდებოდი გულზე.

იმდღეს, ჩემმა მეზობელმა უშანგიმ ახალი ”სუბარუ” მოაგელვა ეზოში. რა იშოვეს ამდენი ამ ოჯახმა არ ვიცი, მაგრამ დგას გასისინებული მანქანა და თვალში ეკლად მეჩხირება. განა მე სუბარუ მიჭირს, მაგრამ პრავა რათ არა მაქვს? უშანგის და იმის ტრაკშარა ცოლს თუ აქვთ, მე რატომ არ უნდა მქონდეს?ვითომ ვისზე რა ნაკლები ვარ?

putinis prava

(სადაც პუტინს აქვს პრავა, მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ)

ჰოდა, გადავწყვიტე, პრავის ასაღებად წავსულიყავი. ბედად, ახალი ჩამოტანილი მქონდა ქემერიდან ტავარი, სულ ფუთებად იყო შეკრული. ამოვქექე, გადავქექე, ამოვაძრე ზედა-ქვედა დვოიკა _ შარვალი და კოფთა. ფეხზეც მოკასინები შევირჩიე. ტანსაცმელს იარლიყები ჩავუბრუნე, რათ დავკარგო, დავბრუნდები, გავიხდი, გავაუთოებ, კაი ფასში გაიყიდება.

dvoika

წავედი დინამო სტადიონზე, ერთი საათი ველოდე ჩემს ნაცნობ მძღოლს, უფასოდ რომ გავყოლოდი რუსთავამდე და როგორც იქნა ჩავაღწიე.

ჩავაღწიე და ვაი ამ ჩაღწევას! რიგი, რიგი, რიგი, ცოცხალი! გავცქვერ-გამოვცქვერი, ვიჩხუბე, ცოცხალი რიგი რათ უნდა იყოს, ჩამოვწერ მე-მეთქი და პირველი წამოვკოკროჭინდი სიაში.

აქაც გამიმართლა და გამომცდელად ჩემი ყოფილი საყვარელი ტაპორა შემხვდა. გაიხარა იმანაც, მაგრამ ისე დაიბნა ქერტლივით, თავი ვეღარ აწია. ამდენი პატივი მქონდა მაგისთვის ნაცემი თავის დროზე და ფულს როგორ გამომართმევდა? წვიმდა და თეთრი ხაზები წაშლილი იყო. ისე აღარ ეტყობოდა და 4-ჯერ ამ ოხერი წვიმის გამო ჩავიჭერი. თქვენ არ იფიქროთ, ტაპორას ნახვა მინდოდა და ისევ წაკეკლუცება. არა, კი გამოაპარა რუჩნოიდან ჩემკენ ხელი, მაგრამ ისეთი ვტკუცე, მეორე დღეს დაბინტული მოვიდა. რა მოიგონეს ეს აღმართში დაძვრა და ეს მიხვევ-მოხვევები, რამდენჯერაც გავუხვიე, იმდენჯერ ხან მე ჩავუჯექი კალთაში, ხან ის. მეხუთეჯერაც კი ჩავიჭრებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამბობენ, უნარ-ჩვევებს ამატებენ გამოცდაზეო. ეჰ, რა დრო იყო, უნარ-ჩვევებში იქეთ ვამზადებდი ბავშვებს. სად იყო მაშინ ეროვნული გამოცდები და ვინ იცოდა ანალოგიები, მე რომ ბავშვებს სქილებს ვუმუშავებდი. აღარ მაქვს მაგის ნერვები, ისე კაი ფულები კი დავკუჭე, კაი ნაკვეთი მოვიდა იმ ფასში, გარდაბანში შევიძინე იაფში.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩავაბარე მეხუთე გასვლაზე გამოცდა, ავიღე პრავა. ისე კარგად გამოვიყურები პრავის სურათზე, ავ თვალს არ ვენახვები. იხელთა ამ ტაპორამაც დრო და კოფეზე მეპატიჟება ქალაქში. დავთანხმდე არ დავთანხმდე არ ვიცი. რომ წავიდე, ფუთიდან ახალი ნარიადი მაქვს ამოსაძრობი, მერე ამ ტაპორას გულისთვის არ ჩამიწვეს ახალთახალი საქონელი, არ წავიდე და გასკდა გული მარტოობით. იმ სიჩქარეში ვერც გამოვკითხე რა ქნა, რა ბედს ეწია, რა მოხელე-ნაჩალნიკია, იქნება არაა დასაკარგი კაცი.

მოკლედ ვწევარ ამ არაბულ ტახტზე მაშინ რომ ზალაში გამოვდგი და დავტოვე და ვარ ერთ დილემაში. ისე ეს დილემაც რა კარგი სიტყვაა, სულ მინდოდა გამომეყენებინა და ჩავაკვეხე აქ. რა ვქნა, გამიზიარეთ თქვენი აზრები.

მანამდე სამლიტრიანში კომბოსტოს ჩავამწნილებ, ზამთარი მოდის, არაყს უხდება, უყვარს ტაპორას არაყზე წნილის მიტანიება.

chacha da arayi

Blog at WordPress.com.