Qetinodeida's Blog

October 13, 2014

მოვიმარაგოთ კალგოტკები იაფად ზამთრისთვის

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 7:08 pm

kalgotkaრაც კუბადან ჩამოვედი, მოვიწყინე. თავგადასავლების ნაკლებობას ვუჩივი, არაფერი საინტერესო ამ ქალაქში არ ხდება, არ მესმის როგორ ძლებთ ამ ქვეყანაში რა! ხანდახან გავიხედავ ხოლმე ჩემი ჩაბნელებული ფანჯრიდან, გავისვრი ორ-სამჯერ პისტოლეტს (მამაჩემმა მაჩუქა ყმაწვილქალობაში, ჩემო ქეთინო, არავინ დაგჩაგროსო, მაშ!), დავაფეთებ მეზობლებს, მერე შემოვძვრები სახლში და ვქირქილებ, სანამ ისინი იწყევლებიან. თან გულში ვიმეორებ “შენს ნათქვამს კატამ დაარწყია-თქო” და ყოველი შემთხვევისთვის, მარილსაც მარცხენა მხრის უკან ვყრი, მართლა თვალი რომ არ მეცეს ამ ვარდივით ქალს და სამჯერ კიდევ ზევით ვიფურთხები და მერე თავს ვუშვერ. ნაცადი რამეა, ჯერ არავის გავუთვალივარ, მენდეთ.

ხოდა, გავიგე, ჩემს აქ არყოფნაში კრიმინალი მომატებულა. რას არ მოიმატებდა, გენაცვალე, ყველა ტრაკშარა და უნიათო ვინც კი ციხეში იჯდა, დაუხვეტიათ და გამოუყრიათ გარეთ. მაგრამ, ქეთინო რის ქეთინოა, ყველაფერში პოზიტივი თუ არ დაინახა! (თვით-განვითარების კურსი მაქვს ახალგაზრდობაში გავლილი ჯაჯანიძესთან).

ski-mask-robber

ეს, მაგალითად, 200 დენიანი კალგოტკაა, სუფთა იტალიური. უშანგის ბიჭია თან, ვეხვეწე ფბ-ზე დავდებ ამ ფოტოს, გიხდება-მეთქი, მარა არ ქნა

როგორც კი გავიგე, ახალმა მთავრობამ საყოველთაო ამინისტია გამოაცხადაო, ავდექი და თურქეთიდან ეგრევე შემოვყარე წელვადი და გამძლე კალგოტკების მთელი სერია! 15-დენიანი, 20-დენიანი, 100-დენიანი, ზამთრის, ზაფხულის, თუ მსუქანი თუ გამხდარი ქალისთვის, რა გინდა სულო და გულო, მე რომ კალგოტკა არ მქონდეს! ამდენი კლიენტი მე ჩემს დღეში არა მყოლია! მოდიან, კაცო, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები, იქვე წააჭრიან ფეხებს ამ კალგოტკებს (თურქეთიდან კი ჩამოვიტანე, მაგრამ ნაღდი იტალიურებია ზოგი და მაინც გული მიკვდება), ჩამოიფხატებენ თავზე და გადიან ეგრე. ახლა აქცია მაქვს, ერთს + ერთი. მაგრამ წაგებაში რომ არ წავიდე, ყველა კალგოტკა დავჭერი შუაზე და ცალ-ცალ ფეხად ვყიდი. ხოდა ვინც ამ აქციაში ებმება, მთლიანს ვატან ხოლმე. თქვენ მოატყუებთ ქეთინოს?

მოკლედ, ყვავის ბიზნესი. ამასობაში, ცოტა რომ გამოვიქექე და ფხა გამოვიჩინე, კალგოტკის ხაზს მანიკურების ხაზიც დავამატე. აბა ახლა, თავზე რომ თვალწასული კალგოტკა გაქვს ჩამოცმული, არაა ლამაზი. ლამაზი იქით იყოს და იქნება გიცნოს ვიღაცამ. ეგრეა საერთოდ, საქმეს თუ აკეთებ, ლამაზად უნდა აკეთო. არ მიყვარს არაფრის მიფუჩეჩება. ყველა ჩემს კლიენტს მაგას ვასწავლი.

ხოდა ეს ჩემი მეზობელი როა, უშანგის ტრაკშარა ცოლი, ის დაამარიაჟებს ხოლმე ბაღჩა-ბეჭედს ნეკა თითზე წამოუკოსებია, ახლა ასეა მოდაშიო, მეორე ხელში აიფონ 6 უჭირავს და არის ერთ ამბავში თუ აივანზე, თუ მაღაზიაში, თუ პურის რიგში და თუ ავტობუსის გაჩერებაზე. ავტობუსში ამ ბეჭდის იმხელა თვალსაც ხელისგულისკენ შეიტრიალებს ხოლმე ავტობუსში, აქაოდა არავინ დაინახოსო და აქვს მთელი გზა მუჭში ჩაბღუჯული ის იმხელა ბრილიანტი. მეტი არ მინდა, რომელიმე ჩემმა კლიენტმა დაინახოს, ამხელა ქალი ვარ მაინც, ნაკოლის მიცემაც არ მინდა, ჩემს თავს ვერ გადავახტები, ნამეტანი მძიმე ვარ მაინც.

May 24, 2014

ასოცირების ხელშეკრულებას შესაძლოა პრემიერმა ხელი არ მოაწეროს

Imageწუხანდელ რეისს ჩამოვყევი კუბა-მიუნხენი-თბილისი. ჩარტერი არ იყო და პილოტს ვეხვეწე, მე ქუთაისთან დამტოვე, ავადმყოფი მამიდა მყავს სანახავი-მეთქი, მაგრამ არაფრით არ გამიჩერა. წამოვედი თბილისში. 

ვინც არ იცის, ოთხი წელია კუბაში ვცხოვრობ, ინტერნეტის რეგულირებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაბლოკვის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, კარგ ფულსაც ვშოულობდი და შიგადაშიგ ინტერნეტშიც ვიჭყიტებოდი. მაგრამ ამხელა თანამდებობის ქალს დაპოსტვის უფლება არა მქონდა. 

ბევრი რაღაც მომხდარა საქართველოში ჩემ არყოფნაში. ბიძინას მოსვლა-წასვლა გამოვტოვე, პირველ დემოკრატიულ არჩევნებსაც დავაკლდი, ანტიდისკრიმინაციული კანონი უჩემოდ მიიღეთ, გენაცვალე, აგერ ლევან ვასაძესაც ნინო ჟიჟილაშვილმა უპაჭუნა თვალები ჩემ მაგივრად, მაგრამ რაც გუშინ მოხდა, იმას ჩემი გული ვეღარ აიტანდა! 

გამოპოწოლიკებულა აქ ღარიბაშვილი და იძახის, ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო მოაწერს ხელს და საქართველო კიდე მე ვარო. იქით მარგველაშვილს დაუსვია ცხვირი, ვისაც უნდა იმან მოაწეროს, მაგრამ სპრავედლივი პრეზიდენტის ხელმოწერა იქნებაო. მე კიდე ერთი არავის გავახსენდები! რითი ვარ, ვერ გავიგე, კახეთიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოთრეულ ღარიბაშვილზე და იმის ტრაკშარა ცოლ ნუნუკაზე ნაკლები! სანამ ჩამოვიდოდი, მთელი გზა თვითმფრინავში ხელმოწერას ვამუღამებდი, გავავსე ფურცელი ფურცელზე!

Image

ა, დედა, რითია ცუდი!

Image

ან კიდევ ეს!

ახლა მოგმართავთ ერს და ბერს! ოფიციალური წერილი უნდა გავუშანშალო უსუფაშვილს, მაგრამ იმან თუ არ მიიღო, პირდაპირ შევდივარ პატრიარქთან! შორენა უკვე გაფრთხილებული მყავს და საქმის კურსშია. 

ძველ მკითხველებს კი შევახსენებ, რომ ისევ იქ ვცხოვრობ, სადაც ვცხოვრობდი, ჩემს ვარდისფერ ლეპტოპს 12გბ-იანი მახსოვრობის ჩიპი ჩავუდგი, კუბაში მოპარული, ნაღდი, ახლა აიდი ბარათსაც ავიღებ და ხვალიდან ისევ საქართველოს აქტიური მოქალაქე ვიქნები. 

P.S. კუბიდან ახალი ტავარი მაქვს ჩამოტანილი, იქსელი ზომები პალმებიანი საროჩკები, მარტო ჩემთან იღება და გამომიარეთ ლილოში. 

მენდეთ, 

გკოცნით, 

თქვენი ქეთინო დეიდა.

January 4, 2011

ამ თუ სექსი კი არა და ქეთინო დეიდას საახალწლო გრიალი

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 12:40 pm

ძლივს გავიღვიძე, თავი მისკდება, პოხმელიე მაქვს, გადავაბი ეს დღეები, ბარის სტოიკიდან ვეღარ ჩამომიყვანეს. ეხლა თან ჩემს ლეპტოპს ვუჭვრიტინებ, თან არაბულ ტახტზე ვარ წამოგორებული და ვიხსენებ ამ ახალ წელს რამე ხომ არ მივქარე. “გურუდან” კოქტეილის ქოლგა და ჩხირი მოვიპარე, ეხლა ჭიქაში ხაშლამის წვენი მისხია და ვწრუპავ ნება-ნება.

ახალი წლისთვის კაი ხარჯი გამძვრა. “სუპერში” როგორც კი საახალწლო საქონელი შემოიტანეს, გავვარდი საპაკუპკედ. კი მეძვირეები არიან, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი, ჩემო ქეთინო, ამ ახალ წელს მაინც მოიწყე დღესასწაული და მოიძულე რამდენიმე ასეული ლარი-თქო. ორი დიდი პარკი წავიღე და წავედი. ხან შრეკის ფორმაში ჩავხტი, ხან წიწილას ფორმა ამოვიჩაჩე, მაგრამ ჩემი ზომა არ შემხვდა და დავანებე თავი. სამაგიეროდ ერთი ცალი აბადოკი ვიყიდე, კურდღლის ყურებიანი, მაინც კურდღლის წელია და იმდღეს მიშა ცაგარელს ვუსმინე და კარგი ყოფილა თურმე კურდღლის წელიწადს უნდა შემოუშვა ზოდიაქო აურაშიო.

მერე ვეცი ფეისბუქის ივენთებს, ყველაზე ატტენდი მივეცი და ნარიადის შერჩევა დავიწყე. ბათუმში ბოჩელი ჩამოდისო და აბა მე სახლში რა დამაყენებდა, გავექანე ეგრევე, პაპუტნის შევახტი, ბოჩელს რომ არ მოვუსმინო ამ სიბერეში ეწყინებოდა.  გაგონილი მქონდა იქიდან უფასო ავტობუსები დადიოდნენ მაგრამ მიშას რამე დაეჯერება, ჩამომაგდეს ამხელა ქალი რიკოთის პერევალზე. აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი მაგრამ 5 ლარი მაინც გამძვრა მარშუტკაზე. მძღოლს წინ ვეჯექი, ღვედი წელს არ გადამიჭერია, ძაან მინდოდა, თან ხელში ფუჟერი მეჭირა, შამპანურს ვწრუპავდი.

მერე ერთ კლუბში შევაჭერი, private party იყო, მაგრამ აბა ქეთინოს წინ რა დაცვა დაუდგებოდა, თან პრაზრაჩნი ვიდზე ვიყავი, თავზე კურდღლის აბადოკიც მეკოსა და ყელზე წვიმა მქონდა შემოვლებული.

შევედი თუ არა, გავიხედე რას ვხედავ საღამოს მეფე-დედოფალს ირჩევდნენ. შევათვალიერე მეფე კარგი ბიჭი იყო მომეწონა, ამასთან ცეკვა დაგბედებოდეს ჩემო ქეთინო მეთქი შევუძახე ჩემს თავს. გამოვცხადდი ჟიურისთან, ვუთხარი ამის მერე აქ მე ვიძლევი ბრძანებებს-მეთქი, იმათაც უარი ვეღარ შემომკადრეს, ხოდა ყველა ბიულეტენი შევცვალე, ზედ ყველას ქეთინო ჯაყელი დავაწერე, ეგენი მე მასწავლიან გაყალბებას, შარშან არჩევნებზე 100 ლარს ვიღებდი ზედამხედველობაში, ყველას სახელი და გვარი ვიცი ვინ რა და როგორ გააყალბა ამ საახალწლოდ ნუ მალაპარაკებთ!

იმდენი იძახა სააკაშვილმა ბათუმში კაი ამინდებიაო, რო მგონი ზაგარი მივიღე ცოტა

ხოდა ტარჟესტვენნად ავედით სცენაზე მეფე-დედოფალიც, ბოლოს ტუჩებიც კი გავიშვირე საკოცნელად, თან თვალებს ვუშვები, ებიჭო გამომხედე რა მარწყვივით გოგო გეძლევი მეთქი, მაგრამ თურმე დედამისი ესწრებოდა და ვერ გაბედა კოცნა. სამაგიეროდ მერე დილამდე ბარის სტოიკაზე ვბზრიალებდით, ბარმენის მაგივრად მე ვუშვებდი ცეცხლებს, შეიქერის ზურგსუკან გადაგდებაც კი დავამუღამე. ისეთი ვიცეკვე საქართველოს ბანკის საახალწლო კლიპში შემომთავაზეს გადაღება, მაგრამ მე ჩემი ორი ქმრის დამკარგავს ისეთი ხალისიანი ფერის კაბა აღარ შემეფერება მეთქი ვთქვი და უარი ვტკიცე.

(მერე კი ვინანე, თურმე ნუ იტყვით და ეს სანტა უცოლო ბიჭი ყოფილა).

ამ საახალწლოდ კიდე კორპუსის ქვევით არაი თუმოროუს მაღაზია გამიხსნეს. რაღა მიჭირს, დავრბივარ და თუ რამე მაქვს თუ გასაყინი თუ გასაცხელებელი თუ გასარეცხი ყველაფერს იქ დავარბენინებ. მოვარჯულე კონსულტანტებიც და ერთი ორი დაცვის ბიჭიც დავპატიჟე სახლში გოზინაყზე.

დანარჩენს ეხლა აღარ მოვყვები, მეც ქალი ვარ და ჩემი პირადი გამაჩნია, ვიკილიქსი კი არა ვარ, ყველაფერი ცას და ქვეყანას მოვდო და შარაზე გამოვაჭენო!

გილოცავთ ახალ წელს,

მენდეთ,

თქვენი ქეთინოდეიდა

April 26, 2010

ეს ჯიპელები ცაშიც არ მოგასვენებენ!

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 7:11 pm

ერთხელ, გავიხედოთ და ჩემი მეზობელი ვახუშტი მოკვდა. ძაან კაი კაცი იყო საწყალი, ისეთი გული ჰქონდა, ჩვილი. ბოლოს ვეღარ მცნობდა, ერთხელ შორიდან დამიქნია ხელი, ქეთინოო დამიძახა.. ეჰ, ხოდა ვიკისრე თავიქალობა, წამოვიძახე მე მოვაგვარებ ყველაფერს–მეთქი და გავეშურე კუბოს საყიდლად. თან სია მქონდა ჩამოწიკწიკებული: კუბო უნდა მეყიდა სამი ოთხზე, ბალზამიროვკის ფასები უნდა გამერკვია, გადიდებული სურათი შავი ჩარჩოთი, მოკლედ ყველაფერი რაც ჭირდება ამ დროს კაცს უკანასკნელ გზაზე. ჰოდა მივედი დამკრძალავ ბიურო “ჰადესში”. (აქ ცხრა მომსახურების მერე მეათე უფასოა და ეს საწყალი ვახუშტი მეათე დაემთხვა, ის ფული კიდე მე ჩავიკუჭე). დამესივნენ აგენტები, ესაო, ისაო, სამგლოვიარო პროცესიაო, შავი ლიმუზინიო, სასახლეო, სურათი ანგელოზებიანი ჩარჩოთიო, დავხამდი, ვჭყიტე თვალები, მაგრამ გამახსენდა რომ ზომები არ ამიღია ამ საცოდავისთვის. ვეუბნები ამ აგენტებს, იმ საწყალის ზომისა ვიყავი, მე მოვირგებ კუბოს მეთქი, ჩავხტი ერთში, ჩავხტი მეორეში, მომეწონა ერთი–ორი. მერე იქვე იდგა ვარდისფერი კუბო, ეტყობოდა სულ ახალთახალი, ბზინავდა, პერლამუტრი იყო ცოტა. თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ხოდა ჩავხტი იმ კუბოში, ის უბედური ვახუშტიც დამავიწყდა და ჩემი ჩაკუჭული ფულიც, ვთქვი, ეჰ ქეთინო, შენ ამქვეყნად მაინც არავინ დაგაფასა ჯეროვნად–მეთქი, თვალები დავხუჭე, გულზე ხელები დავიდე და მოვკვდი.

ხოდა, გამოხდა ხანი და ვწევარ იმდღეს ჩემთვის ღრუბელზე, ვლივლივებ და თან ყურძენს მივირთმევ ნება–ნება. აქეთ–იქით ანგელოზები პალმის რტოებს მინიავებენ. წინ ჩემი ვარდისფერი ლეპტოპი მიდევს და კახი კალაძის ოდნოკლასნიკების გვერდს ვუჭვრიტინებ.  უცებ რაღაცა ხმაური მირღვევს ყუდროებას. ჩავხედე ქვემოთ, მივწი–მოვწიე ეს ღრუბლები და რას ვხედავ: ამ მოცუცქნული ჯიპას რადიოდან იმისთანა ხმაური გამოდის, ირყევა ჩემი ღრუბელი! აქეთ ნატა ქოთქოთებს, გადის გამოდის, ქერა თმებს დააფრიალებს, აქეთ ჟორა ბუზღუნებს. ვიფიქრე, რა არის კაცო, რამე სერიოზული რო იყოს ეს მერი ასე ხო არ ინარნარებდა მეთქი.  მერე ვიფიქრე, ნატას ეტყობა ისევ ცუდი კალენდარი მიუტანეს  და მაგიტომ ამოიგდებინა გული მეთქი. მერე ჟორას გავხედე, შემოუდვია ხელი შუბლზე, ანი მისჯდომია გვერდით და რაღაცაზე ეკითხება , ეს არ სცემს ხმას და შეჭმუხნული ზის. თან თავის ბლოკნოტში რაღაცას ჯღაბნის. მერე უცებ დაიყვირებს გულებს გაუხეთქავს ბავშვებს, ირინა რო შემომჯდარა მაგიდაზე ჩამოვარდება, ჟორა კიდე ხითხითებს, ხითხითებს, მარა ხითხითი იქით იყოს და  უცებ შეზანზარდა ჩემი ღრუბელი, ლამის გადმოვყირავდი იქიდან, რას ვხედავ, თეო ხარხარებს ბოლო ხმაზე, ღრუბლებიდან დავუნახე გლანდები. ჩაუწყდეს მაგას ხმა ასი წლის მერე! ან ამოიჭრას ეს გლანდები, ან ნუღარ დამანახებს მაინც კაცო! ჰოდა აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, ვერც ნატალიას შევაგნებინე რამე, ვერც ჟორას, ეს გოგოები დარბიან წინ და უკან, მერი დაცუცუნებს, ჟორა იმაზე ბრაზდება მერი ასეთი მშვიდი როა, უცებ მამალმა დაჰყივლა საიდანღაციდან, იქ გუგა შემოვარდა გახვითქული, სცემს ბოლთას წინ და უკან (ვერ ისწავლა ამ ბიჭმა კარზე დაკაკუნება!), ესეც უკმაყოფილოა რაღაცით… მეთქი თქვენი ნერვები არა მაქვს, ეს ამხელა ქალი იმისთვის კი არ მოვმკვდარვარ, თქვენ გისმინოთ და თავი გიყადროთ მეთქი, ავწიე ხელი და ჩავიქნიე. ამოვძვერი ისევ ღრუბელზე.

ვწევარ ეხლა ისევ, ვლივლივებ ჩემთვის, სასიამოვნო ნიავი მიქიქინებს ცხვირ–პირში, დალალებს მინიავებს, ეს ყურძენი გამითავდა და რომელი ანგელოზი ჩავაგზავნო დეზერტირებში აღარ ვიცი.

February 13, 2010

ლატარეია

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 2:15 pm

გავიხედოთ და, მოვკალათდი საღამოს ტელევიზორთან. მოვიდგი ჩემი საყვარელი კორკოტი, ვყრი პურს და ნება–ნება ვჭამ. (ძალიან მიყვარს და კი არავინ მიკვდება, მაგრამ ვაკეთებ ხოლმე ხშირად). თან ათი ხდება და “პროფილი” უნდა დაიწყოს. კი არ მომწონს ეგ გადაცემა, მაგრამ მილიონერებზე რომ იყო, ვიფიქრე, მეც ვისწავლი როგორ გავხდე მილიონერი–მეთქი.

თურმე რამდენიმე გზა არსებობს რომ ჰოპ გაიხედო და მილიონერი გახდე. ერთი რო, მილიონერ კაცს მისთხოვდე საუკეთესო ვარიანტში, მერე ყურში მარილს ჩააყრი და ის მილიონები შეგრჩება ხახვივით. მეორე, თი–ბი–სი ბანკის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეგღა მაკლია ჩემი ფულებით რაღაცა ბანკი ვახეირო. მესამე “ჯეოსტარში” გახვიდე იმღერო, მაგრამ ასაკი აღარ მიწყობს ხელს და “ნიჭიერში” მილიონი არ თამაშდება. ჩავვარდი საგონებელში. ორი ქმარი გამოვცვალე მილიონერი არც ერთი არ იყო, მესამეჯერაც რომ გავთხოვდე რას იტყვის ხალხი. ვიფიქრე, ვიფიქრე და თავში ლამპოჭკა ამენთო: შეპესე საქართველოს ლატარიის კომპანიის ლოტოს ვითამაშებ–მეთქი, მომაგონდა!

გავვარდი მეორე დილით ჩემ გვერდით ბუტკაში, შევავსე შერჩევის ბარათზე ციფრები და აი აქ ჩავვარდი საგონებელში, თუმცა ჩემმა გამჭრიახობამ აქაც იმარჯვა. დავფიქრდი ჩემს ბედკრულ ცხოვრებაზე, გავაანალიზე წარსული და აწმყო, დამიტრიალდა თავში ციფრები:

2 – ქმარი ორი მყავდა და ორიანიც მაგიტომ ჩავწერე, იმათ სახელზე ვჭამ ყოველ ხუთშაბათს კორკოტს.

196– რაღაც წელს დავკარგე ქალიშვილობა, მივაბარე ერთ ახმახს. მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებ, არ მინდა ეხლა ხალხი ავაჭორავო, პირველ ქმარს შეეტენაო, არ მინდა!

10 _ პირველ ხელზე ათკილოიანი ფუთა ჩამოვიტანე თურქეთიდან, გავხსენი და რა გავხსენი სულ კარაკულის შუბები შემხვდა, ამოვყიდე იმ კვირაშივე სუყველა, იმის მერე 10 ჩემი ბედნიერი რიცხვია.

41 _ რაც თქვენი საქმე არაა, იმაში ნუ ჩაეჩრებით, არ მინდა ეხლა წარსულის მოგონებების აშლა და გრძნობების აშხივება, უშანგის ტრაკშარა ცოლი კი არა ვარ, ყველაფერი გამოვფინო სარეცხის თოკზე სახალხოდ, მეც მაქვს ჩემი ინტიმი!

12 _ ახალთახალი სერვისი მაქვს 12 კაცზე, ისეთი კარგი სერვისია, მადონა, დარჩეული, 12 კაცი სად დავპატიჟო ოღონდ, ხარჯში ჩავვარდები და თუ მოვიგე რამე ჩემს ერთგულ მკითხველებს გაგიშანსავთ ჩაი/კოფე სნამცხვარომ.

მეტი არ მინდა მოვიგო და 21% ვინმემ ჩამომაჭრას, ცას და ქვეყანას შემოვიხვევ, იმისთანა ამბავს ავტეხავ!

P.S. ზოგზოგიერთების გასაგონად კიდევ ვიტყვი, რომ ქეთინო ყოველთვის აქტუალურ თემებზე წერს და ქეთინოა თვით აქტუალი!

მენდეთ რა,

თქვენი ქეთინო დეიდა

February 9, 2010

ქეთინო შარმელშეიხში!

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 8:14 pm

ერთხელ, გავიხედოთ და, უშანგის ტრაკშარა ცოლი მეძახის, ამო კოფე მოვადუღე და დავლიოთო. გულმა რეჩხი კი მიყო, ეგ ტყუილად არ დამიძახებდა, მაგრამ ამოვიჩარე იღლიაში ორჯერ დასკოჩილი ჩერი ბონბონერი და ავედი. ათუხთუხებს კოფეს და ეშმაკური თვალებით მიყურებს. ვეუბნები, რა მოხდა, რა დაგმართნიაო. ჰოდა, მეუბნება, მეო და ჩემი უშანგიო ხვალ–ზეგ შარმელშეიხში მივდივართ თაფლობის თვე უნდა მოვიწყოთო. თაფლი და ჭირი თქვენ მეთქი, გავივლე გულში, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გაფაციცებით ჩავინიშნე როგორ და რანაირად მიფრინავდნენ და რამდენი დაუჯდათ ეს პაესტკა.

ჩამოვვარდი მერე სახლში, გამოვაძრე ბებიაჩემის ნაქონი ჩოთქი, გავწიე და გამოვწიე, დავთვალე, მერე მუთაქას მოვურღვიე პირი, ჩემი გადანაკუჭი ლარიანები ამოვაცოცე და კმაყოფილმა და ბედნიერმა ჩემი პირველი ქმრის ფოტოს შევხედე, რას მოესწრო საცოდავი, ამისი ცოლი!

იმ ღამესვე გადმოვიღე ჩემი დიდი ჩუმუდანი ჩავალაგე ჩემი ახალუხლები, თურქეთიდან ჩამოტანილი ახალი დვოიკაც ჩავტენე, გაუხსნელი კბილის ჯაგრისიც ჩავდე. მეორე დღეს სააგენტოში მივედი, ყველაზე იაფში სადაც გამოვიდოდი, კონვერტში ჩადებული თანხა თავზე სამჯერ შემოვიტარე და პუწიოვკაში გადავიხადე. მართალია ჩემი კოლიცო ლომბარდში გავისტუმრე, მაგრამ არა ბიჭო უშანგის ტრაკშარა ცოლს ვალაპარაკებდი, ქეთინო ზაფხულობით ბაღდადში ისვენებსო!

თვითმფრინავში ჩემი ადგილი არ მომეწონა, მძღოლის გვერდით მინდოდა ჯდომა ფანჯარასთან, ის იყო ერთი ფეხი ერთ ილუმინატორს მივადგი, მეორე _ მეორეს, მაგრამ მომვარდა ერთი სტიუარდესა და ჩამომსვა. არა მეთქი ქეთინო, არ გაგივა აქ შენებური თქო, შევუძახე თავს და დავმშვიდდი. სამაგიეროდ იმ გოგოს ქუდი წავართვი, მე უფრო მიხდება მეთქი დავამშვიდე. ლანჩის დრო მალე მოვიდა. მომიტანეს რაღაცა მაიმუნობა კრევეტები, ამოავლე ამ სოუსში და ჭამე შენი ხმა არ გავიგოო. ეს კი არ მომეწონა და ცხელი კერძი მოვითხოვე. ქეთინოს წინ რა დაუდგებოდა და მომართვეს.

სასტუმროს ნომერში ჩვეულებრივი საწოლი დამახვედრეს, არც ეგ მესიამოვნა. ერთი კი გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ მერე არაბული ტახტი მოვითხოვე, მე მაგაზე ნაკლებზე არ დავწვები მეთქი, გამოვუცხადე. გადახედეს ერთმანეთს შავშავმა არაბებმა, გადაუბურტყუნეს რაღაც ერთმანეთს და გაცქვრნენ. ორ წუთში შემოაჩოჩეს არაბული ტახტი. მერე დიდ ხანს იდგნენ და თითებით რაღაცას მანიშნებდნენ, მე ჟუაჩკა და ქაღალდის სალფეტკი მივეცი (თვითმფრინავში ლანჩის მერე სველი სალფეტკი მოგვცეს, ძაან კი დამენანა, ეგრე რომ მივეცი, მაგრამ აბა აღარ მეშვებოდნენ) და დამანებეს თავი.

ჰოდა, გავიხედოთ და უშანგის ტრაკშარა ცოლმა ჭყიტა თვალები, გვერდით რომ წამოვუკოსდი შარმელშეიხის პლაჟზე კოპლებიან ზედა–ქვედა კუპალნიკში გამოპოწოლიკებული!  ჩავარჭე ჩემი გამჭვირვალე ქოლგა პლაჟზე და გადავშალე ჟურნალი “თბილისელები”. თავშენახული ქალი ვარ და ორი ნომერი ვიყიდე ერთი ძველი ერთი ახალი და ერთიც ჟურნალი “კარუსელი”, კროსვორდებს შევავსებ მეთქი ვიფიქრე.

ისე მაინც რა ოხერი ვარ, ამ გამჭვირვალე ქოლგიდან უკეთესად ვხედავ უშანგის და მაგის ცოლს რას აკეთებენ, რას ჭამენ, რას სვამენ. ვაიმე, რას ხედავ ამას ქეთინო, უშანგი ვიღაც რუსის ნაშებს თავისი ტელეფონიც ფოტოებს უღებს, უშანგის ცოლი სკდება გულზე და თბილისიდან წამოღებულ ფენოვან ხაჭაპურს ხაჭაპურზე ჭამს.

საღამოს შემეცნებით ტურზე წავედი. ეს სფინქსი სულაც არ ყოფილა იმხელა, რამხელაც წარმომედგინა. ორ წუთში მოვექეცი თავზე. ამოვაძრე ჩემი დანა და დავიწყე “აქ იყო ქეთინო 2010 წლის” დაწერა. გამიგია, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ–ერთთან თუ მოხვდიო, სურვილები უნდა მიაწერო ზედო, ხოდა გავაგრძელე ფხაჭნა.

აი ჩემი სურვილების სია სფინქსის ყურის ქვეშ ამის მერე ასე გამოიყურება:

1. ჩემი ლამზირას გაბედნიერება.

2. კუპალნიკების ახალი პარტიის ბოლომდე ამოყიდვა.

3. ჩემთვის კარგი კაცის გამოჩანგვლა ოშმ მჩგ უგ.

4. იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება. (იშ, ეგეც მაგათ!)

5. “ამირანის” ორი ბილეთი სამგანზომილებიან ფილმზე. (სულერთია ფილმი).

6. სამგანზომილებიანი ფილმის სათვალე. (იქნება იმით უკეთესად ჩანს წინა კორპუსში მესამე სართულზე ახალი ფარდები რო დაკიდეს, იმ ბინაში ვინები გადმოვიდნენ).

7.  თვითმფრინავში ობრატნიზე მაინც მძღოლის გვერდით დაჯდომა.

8. სტეფანე და სამი გოგოს ახალი კლიპის მტვ–ზე მოხვედრა.

ის იყო მეცხრეზე გადავედი და ნაბუქოს პროექტის ჩაშლას ვწერდი, რომ სფინქსთან უამრავი ხალხი შეგროვდა, მოვიდა ამწეკრანი, მომკიდა წელში რაღაცა და ჩამომსვა ძირს. ვასავსავე ხელ–ფეხი, ვიხვეწე, ვიმუდარე, ჩემი დანა ზევით დამრჩა მეთქი, მაგრამ ვინ გისმინა! ერთი სიტყვა ქართული ვერ გავაგონე ამ ეგვიპტელებს და არაბულით არავინ შემეშველა.

საბოლოო ჯამში მაინც კაი პაესტკა გამომივიდა. მართალია ზაგარნი კრემებს ხან ვის ვასმევინებდი, ხან ვის, მაგრამ, მაინც კარგად დავიფუფქე, ისეთი წითელი ვარ, ავ თვალს არ ვენახვები. თვითმფრინავშიც მძღოლის გვერდით გამოვიჭიმე, ხან წინა პარპრიზზე ვაკაკუნე, ხან რაღაც კნოპკებს ვუჩხიკინე, მერე მძღოლმა ლანჩი შეჭამა და ძირს ნამცეცები დაყარა, ვეცი, გამოვუხვეტე. მერე სტიუარდესას მაგივრად, მე ვილაქლაქე ყურმილში. რაღაცები მოვიტყუე, ილუმინატორები შეხსენით, თორემ კონდიციონერი აღარ მუშაობს და ამოვიხუთებით ყველა უჰაერობით–მეთქი.

ეგვიპტიდან სამახსოვრო საჩუქრები ჩამოვიტანე _ ბარაქის მომტანი ბეჰემოტი გამოვჭიმე პიანინოს თავზე. მეტი არ მინდა ის საქონელი ჩამიწვეს! ეხლა იმას ვფიქრობ, ჩემი კოლიცო გამოვიტანო ლომბარდიდან თუ დავტოვო. რაში მჭირდება პრინციპში. მკითხაობისთვისაც აღარ ვარგა, გაფუჭდა და ჭიქაზე აღარ აკაკუნებს წესიერად.

თუ ტურისტულ სააგენტოებთან რამე პრობლემა შეგექმნათ მე დამირეკეთ, მანდ ყველა ჩემი ბრატია, ბლატები მაქვს ყველგან,

მენდეთ რა,

თქვენი ქეთინო დეიდა.

November 5, 2009

ჩემი ავბედითი სიზმარი

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 12:37 pm

წუხელის იმისთანა სიზმარი მესიზმრა, წყალს კი მოვუყევი უკვე და აქაც უნდა დავწერო, დარდები ამოვაყოლო. ვითომ, გავიხედოთ და, ვართ მე, მიშა, გიგა, ვანიჩკა და ეკა რედისონში. ამ ბესელიას ასეთ საზოგადოებაში რაღა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ ესე ვნახე. ხოდა იმისთანა სუფრაა გაშლილი, სართულებად ალაგია კერძები. ჰოდა, გავიხედე და, ეს ბოკერია აუზში ჭყუმპალაობს, (მე-18 მე-19 სართულებზე როა), ეს ვანიჩკა ეკას ეკურკურება და დავრჩით მე და მიშა მოყუჩებულში. გამიყარა თვალი თვალში, ამარიდა მერე. მოერიდა ეტყობა. გავიხედე და, არ გადმომიცაცუნა ფეხი სუფრის ქვეშიდან? ამაპარა წვივიდან ზემოთ! გავიხედე, გამოვიხედე, კი არავინ გვიყურებს, მაგრამ გულმა რეჩხი მიყო, არც შალვა რამიშვილს ეგონა რომ უყურებდნენ, მაგრამ ვერ ხეხა 4 წელი? ხოდა, ვიყურები აქეთ-იქით, მიშაც არ აჩერებს ამ დასაწვავ ფეხს, თან თვალს მიპაჭუნებს და თითზე გასაღებს მიტრიალებს, აქაოდა გვერდზე ნომერში გავიდეთო. არადა, ვერც მივხვდი თითქოს, მიშას რა უნდოდა, ისეთი წიწკვი გოგოები ეძლევიან მაგას, დედისტოლა ქალისკენ თუ გამოიხედავდა რას ვიფიქრებდი! ჰოდა, რომ გავიფიქრე, რაც იქნება იქნება, ავყვები, ვნახოთ ერთი რა უნდა, იქნება და რა აქვს ოთახში-თქო, ამოვიდა გიგა წყლიდან და დაგვირღვია მყუდროება! გაბრაზდა მიშა, მაგრამ რა გაბრაზდა! ყრის ცოფებს და დორბლებს აქეთ-იქით, ეს პერსონალი დაიმალა, აღარ ჩანს, ზოგი ხალიჩის ქვეშ შეძვრა, ზოგი ლუსტრას ჩამოეკონწიალა, შიშის ზარი დაეცათ. მიშამ კიდევ, გაიძრო ეს ქამარი, ის იყო უნდა გაეტყლაშუნებინა გიგასთვის, ეს უბედურიც უკვე გამზადებული იდგა, გადაკუზული საცოდავად, გამომეღვიძა!

ჰოდა, ეხლა ვწევარ ამ ჩემს არაბულ ტახტზე და ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ: დიდი კაცის ნახვა სიზმარში საერთოდ რომ კარგია, ვიცოდი, მაგრამ დანარჩენი აღარ მახსოვდა დეტალებში და გადმოვიღე ბებიაჩემის ნაქონი ნაცრისფერყდიანი დავთარი, იქ ქონდა გაწერილი ცხონებულს ყველაფერი, რა უნდა დაგსიზმრებოდა, იქ არ ყოფილიყო. მოვყევი ა-დან და ჩავედი ჰ-მდე.
უნამუსო დედაკაცთან ლაპარაკი დიდი ბედნიერებააო და ეკა ბესელიაზე უნამუსო ვინ უნდა მენახა! ბოლოკის ჭამა ცუდია, მტრობის ნიშანიაო და რა ვქნა, მომკალით და არ მახსოვს ვჭამე თუ არა იმ სიზმარში ბოლოკი! ტიტველი კაცის ნახვა ან ჩემი თავის ნახვა ორივე ცუდის ნიშანია და კიდევ კარგი, გიგა დროზე ამოვიდა წყლიდან, თორემ რა მომივიდოდა არ ვიცი. ალერსი საკეთილოა და გულის ნდომა აგისრულდესო და ვინ გაცალა ალერსამდე! ამოხტა წყლიდან და გვიშალა მე და მიშას ნერვები! გველის შუაზე გაწყვეტა კარგია და ბედნიერებააო და ღირსი იყო გიგა გამეწყვიტა შუაზე, ბედი მაგისი, რომ გამომეღვიძა!
ჰოდა მიშაზე მაინც ვერ გავარკვიე ჯეროვნად როგორ ამიხდება, რა იქნება რა ბედს ვეწევი და მაინც თავის დაზღვევის მიზნით, სანთელი დავანთე, სამჯერ გადავაფურთხე, ზურგს უკან მარილი გადავყარე, მერე წყალი მივასხი, გზაჯვარედინზე ძველი ნივთი გავიტანე და დავწვი ღამის 12 საათზე, კი ძალიან დამენანა, მაგრამ რაღა ვქნა, მამლის ყივილამდეც ვიფხიზლე, წითელი პენუარიც მოვისხი, ნაკურთხი წყალი ვიპკურე, თვალზე წითელი ძაფიც დავიგდე, ნემსსაც ვუკბინე, მარცხენა ხელისგულზე სამჯერ ვიკოცე და თავზე გადავისვი. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რამე ხომ არ გამომრჩა. გამისკდა გული ნერვიულობისგან, წავედი ეხლა, კაპლებსაც გადავყლაპავ და თავზე შალს წავიკრავ. ეს სიზმარი რომ ცუდად ამიხდეს და იმ ტრაკშარა უშანგის ცოლმა ბეკოს სარეცხი მანქანა ჩემზე ადრე იყიდოს, გული გამისივდება შურისგან, ისიც მეყოფა, ამდენი ხანია სუპერმარკეტში ავტომატის ფხვნილს რომ ვყიდულობ, აქაოდა მაგან არ გაიგოს, მანქანა რომ ჯერ არ მაქვს. რა ვიცი, დღეს კედლებსაც ყურები და თვალები აქვთ.

November 3, 2009

ქეთინოს მეგობრობის დღიური

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 1:46 pm

ერთი კარგი ბიჭია, ზურა. დამთაგა, (ეს რაღა მეტიჩრობა მოიგონეს არ ვიცი) ზედმეტი ლაპარაკი არ მინდა ეხლა, პირველად ვიხმარე კორეგა და მეშინია პროტეზი არ ჩამომძვრეს. დავწერ პირდაპირ:

მიყვარს – ფულიანი და ჯანმრთელი მამაკაცები

ვოცნებობ – ფულიან და ჯანმრთელ მამაკაცებზე

ვფიქრობ – ამ კვირაში შევხვდე თუ არა ტაპორას და შემდეგში რაზე ვიფიქრებ რა ვიცი ჯერ.

კმაყოფილი ვარ – ჩემი ლილოს ბიზნესით, ლამზირას რომ ჩემი მარიფათი გამოყვა და ჩემი მკერდის ზომით.

მძულს – უშანგის ტრაკშარა ცოლი და ერთი-ორი მაგისნაირი კიდე.

ვნანობ – საზღვარგარეთ მაგისტრატურაში რომ არ ჩავაბარე. ტუტუცი ვარ, რა!

მენატრება – ის დრო, მწვანილის მოსაკრეფად რომ გამგზავნეს…

მსურს – გადადგეს მიშა სააკაშვილი და პრეზიდენტად ვინმე უცოლო და პერსპექტიული აირჩიონ, მე რომ პირველი ლედი გავხდე მერე.

მაღიზიანებს – ჩემი ქმარი მაღიზიანებდა, მაგრამ სადღაა უბედური…

ვგრძნობ – მეორედ მოსვლა მოახლოებულია.

მეშინია – შავი კატების, ჯადოსი, ხუბუასი მეშინია, რაღაცა შიგნიტიკური შიში მაქვს მაგ კაცის და არ ვიცი რატომ :S

ვიცი – დედამიწის გულში რა არის, მაგრამ თქვენ გული ნუ დაგწყდებათ, ისეთი არაფერი.

არ ვიცი – ქეთინოს უცოდინარი ქვეყნად არაფერია

შემიძლია – მუშტის პირში ჩადება, ნემსის ყუნწში გაძრომა და საკუთარ იდაყვზე კბენა.

არ შემიძლია – ასეთ პირობებში ცხოვრება!!!!

ვმეგობრობ – მხოლოდ იმათთან ვისგანაც რამე გამორჩენა მაქვს.

ვაპატიებ – ღალატს.

ვტირი – პანაშვიდებზე.

ვიცინი – როცა საკუთარ კურიოზებს ვიხსენებ.

ვეძებ – ოშმ, უ/გ, მჩგ(მავნე ჩვევების გარეშე), მაღალ, სიმპათიკურ, სპორტული აღნაგობის, დაკუნთულ, პრეზიდენტობის სურვილის მქონე, დაღვინებულ, ბინით, მანქანით, სამსახურით და აგარაკით უზრუნვეყოფილ, უცოლო და პატიოსან მამაკაცს, წმინდა და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. უსაქმურები, დაბლები და მელოტები ნუ გამომეხმაურებით.

ღირსი ვარ – ვიყო პირველი ლედი, არ ვარ ღირსი????

ვკარგავ – თავს…

მშურს – ინგა გრიგოლიასი, ჯერ რომ პლასტიკური ოპერაციებით გადაიტკუცა კანი და მერე ლონდონში რომ წაბრძანდა სასწავლებლად.

ვემალები – ლუკა რომ მწერს კომენტარებში იმას, რა უნდა ვერ გავიგე, რას გადამეკიდა, ვინაა მაგისი TOTIA.

ვემტერები – ავტობუსის კონტროლიორებს, იმდღესაც მდიეს, მდიეს და მაინც შევასწარი სკვაზნოი დერეფნიან კორპუსში, იიიიიშშ!

მაინტერესებს – საიდან აქვს უშანგის ამდენი ფული და რა მისცა სეფაშვილმა თმის გადანერგვაში.

არ მაინტერესებს – ჯაბა ქარსელაძის და ლალი მოროშკინას აკრძალული სიყვარულის ამბები. (მოკლედ, პროფილი მინდოდა მეგულისხმა და ვერ გავბედე…) ან რატომ არ უნდა მაინტერესებდეს ვითომ?!

მახსოვს – ლელა წურწუმიას ყმაწვილქალობა, ჩემ ხელშია გაზრდილი.. უიიი ეგ რა იყოოოო, ეხლა რომ გამოიბა ფრთები და ატყლაშუნეეებს…

მრცხვენია – აბანოში სიშიშვლის.

უარვყოფ –  ქორწინებამდე სექსს!

ვავადმყოფობ – რა ვიცი, მესამე პირში რომ ვლაპარაკობ ხშირად, მაგას თუ ავადმყოფობას დავარქმევთ…

ვმალავ – ფლეიბოისთვის რომ ფოტოები გადამიღეს, იმას.

ვინახავ – ბებიაჩემის ნაჩუქარ კომოდში.

მწამს – ჯადოების, თვალის, აურის და ათასი ეგეთი ეშმაკის მანქანების და  ხიმანდრობების.

მიკვირს – როგორ არ უსკდება დედამისს გული თეა თუთბერიძის შემხედვარე.😐

მიხარია – შუქი რომ გვაქვს და გზები რომ დაგვიგეს.

ვჭორაობ – მე რასაც ვიძახი, სულ მართალი გამოდგება ხოლმე, მენდეთ-თქო ტყუილად ხომ არ ვამბობ ამხელა ქალი😐

ვდარდობ – ღამღამობით და გულის კუნჭულში.

ვამაყობ – ჩემი ლამზირათი და ჩემი ახალი სმართფონით.

ვაკეთებ – არაჩვეულებრივ ხარჩოს, თითებს ჩაიკვნეტ.

ვეფერები – რაც თქვენი საქმე არაა იმაში ცხვირის ჩაყოფა ნუ გიყვართ!

მსიამოვნებს – თავისუფალ დროს ჯადოების კეთება.

მესიზმრება – ეროტიკული სიზმრები.

ვეწევი – ვაფუილებდი შიგადაშიგ, კი.

მწყინს – როცა მამაკაცები ვერ მამჩნევენ.

ვხარჯავ – ყველაფერს ფულის გარდა.

ვღალატობ – ნუ ეხლა, ღალატი რა, თუ მაგასაც ღალატს დავარქმევთ…

ვკამათობ – მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე და მორალურად გატეხვამდე.

ვუხეშობ – მიყვარს უხეში მამაკაცები…

ვუსმენ –ჩემი კარის მეზობლების წივილ-კივილს ყოველღამე და “Prodigy”-ს

ვყოყმანო –  შევხვდე თუ არა ტაპორას.

ვკითხულობ – სარკეში რომ გულახდილი საუბრების გვერდია იმას, მაგრამ ძირითადად კლასიკას ვამჯობინებ.

ვამზადებ – ბავშვებს უნარ-ჩვევებში.

ვუყურებ – ”სიმართლის დროს” და ერთი მეც ხომ არ მეცადა ბედი, ვფიქრობ 100 000 ხუმრობა საქმეა?

ვკლავ –გამოძახებით.😐

ვაფუჭებ – ავტობუსებში ”კასებს”. აბა რა ამბავია 40 თეთრი, სადა მაქვს მაგდენი გადასაყრელი ხურდა?

ვცხოვრობ – ხელმომჭირნედ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია…

ვცემ – ვაიმე, უშანგის ბავშვს სადაც დავიჭერ, იქ დავაგლიჯავ ყურებს!..

ვმღერი – აბაზანაში.

ვასრულებ – 5-იანზე!

დავდივარ – შარდენზე, თქვენ მე ვიღაც ვიგინდარა არ გეგონოთ!

ვერიდები – კაცების სახლში ამოყვანას, ათასი ჭორიკანა მეზობელი მყავს.

ვთამაშობ – პოკერებში (მიმართლებს სხვათა შორის, დავუმუღამე მარწყვებს)

ვიტყუები – ასაკს და ფასს, ისიც ხანდახან.

ვგიჟდები – ბიჭს რო ნაუშნიკები უკეთია და ყელზე შავ-თეთრი შარფი აქვს სამკუთხედად მოხვეული

ვაგროვებ – ცხენისწაბლებს, ჯიბეში უნდა გედოს თურმე და გულისთვის ყოფილა არაჩვეულებრივი!

ვიხდი – გააჩნია ვისთან.

ვეჭვიანობ – ეგღა მაკლია!

ვკაიფობ – პლანს დავუმუღამე ამ სიბერეში.

ვიზიდავ – საპირისპირო სქესს.

ვილამაზებ – გაგილამაზებთ მე თქვენ თავ-პირს, თუ მოვედი!

November 2, 2009

ქეთინო გადის პრავაზე

უჰ, დამადგა საშველი, ვიყავი ენდოკრინოლოგთან, ძლივს გამოვისწორე მეტყველება. ამოვიჩარე ერთი ჩერი ბანბანერკა იღლიაში და ვესტუმრე. კიდევ კარგი, ნახევარი ისევ მე შევჭამე, თორემ გავსკდებოდი გულზე.

იმდღეს, ჩემმა მეზობელმა უშანგიმ ახალი ”სუბარუ” მოაგელვა ეზოში. რა იშოვეს ამდენი ამ ოჯახმა არ ვიცი, მაგრამ დგას გასისინებული მანქანა და თვალში ეკლად მეჩხირება. განა მე სუბარუ მიჭირს, მაგრამ პრავა რათ არა მაქვს? უშანგის და იმის ტრაკშარა ცოლს თუ აქვთ, მე რატომ არ უნდა მქონდეს?ვითომ ვისზე რა ნაკლები ვარ?

putinis prava

(სადაც პუტინს აქვს პრავა, მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ)

ჰოდა, გადავწყვიტე, პრავის ასაღებად წავსულიყავი. ბედად, ახალი ჩამოტანილი მქონდა ქემერიდან ტავარი, სულ ფუთებად იყო შეკრული. ამოვქექე, გადავქექე, ამოვაძრე ზედა-ქვედა დვოიკა _ შარვალი და კოფთა. ფეხზეც მოკასინები შევირჩიე. ტანსაცმელს იარლიყები ჩავუბრუნე, რათ დავკარგო, დავბრუნდები, გავიხდი, გავაუთოებ, კაი ფასში გაიყიდება.

dvoika

წავედი დინამო სტადიონზე, ერთი საათი ველოდე ჩემს ნაცნობ მძღოლს, უფასოდ რომ გავყოლოდი რუსთავამდე და როგორც იქნა ჩავაღწიე.

ჩავაღწიე და ვაი ამ ჩაღწევას! რიგი, რიგი, რიგი, ცოცხალი! გავცქვერ-გამოვცქვერი, ვიჩხუბე, ცოცხალი რიგი რათ უნდა იყოს, ჩამოვწერ მე-მეთქი და პირველი წამოვკოკროჭინდი სიაში.

აქაც გამიმართლა და გამომცდელად ჩემი ყოფილი საყვარელი ტაპორა შემხვდა. გაიხარა იმანაც, მაგრამ ისე დაიბნა ქერტლივით, თავი ვეღარ აწია. ამდენი პატივი მქონდა მაგისთვის ნაცემი თავის დროზე და ფულს როგორ გამომართმევდა? წვიმდა და თეთრი ხაზები წაშლილი იყო. ისე აღარ ეტყობოდა და 4-ჯერ ამ ოხერი წვიმის გამო ჩავიჭერი. თქვენ არ იფიქროთ, ტაპორას ნახვა მინდოდა და ისევ წაკეკლუცება. არა, კი გამოაპარა რუჩნოიდან ჩემკენ ხელი, მაგრამ ისეთი ვტკუცე, მეორე დღეს დაბინტული მოვიდა. რა მოიგონეს ეს აღმართში დაძვრა და ეს მიხვევ-მოხვევები, რამდენჯერაც გავუხვიე, იმდენჯერ ხან მე ჩავუჯექი კალთაში, ხან ის. მეხუთეჯერაც კი ჩავიჭრებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამბობენ, უნარ-ჩვევებს ამატებენ გამოცდაზეო. ეჰ, რა დრო იყო, უნარ-ჩვევებში იქეთ ვამზადებდი ბავშვებს. სად იყო მაშინ ეროვნული გამოცდები და ვინ იცოდა ანალოგიები, მე რომ ბავშვებს სქილებს ვუმუშავებდი. აღარ მაქვს მაგის ნერვები, ისე კაი ფულები კი დავკუჭე, კაი ნაკვეთი მოვიდა იმ ფასში, გარდაბანში შევიძინე იაფში.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩავაბარე მეხუთე გასვლაზე გამოცდა, ავიღე პრავა. ისე კარგად გამოვიყურები პრავის სურათზე, ავ თვალს არ ვენახვები. იხელთა ამ ტაპორამაც დრო და კოფეზე მეპატიჟება ქალაქში. დავთანხმდე არ დავთანხმდე არ ვიცი. რომ წავიდე, ფუთიდან ახალი ნარიადი მაქვს ამოსაძრობი, მერე ამ ტაპორას გულისთვის არ ჩამიწვეს ახალთახალი საქონელი, არ წავიდე და გასკდა გული მარტოობით. იმ სიჩქარეში ვერც გამოვკითხე რა ქნა, რა ბედს ეწია, რა მოხელე-ნაჩალნიკია, იქნება არაა დასაკარგი კაცი.

მოკლედ ვწევარ ამ არაბულ ტახტზე მაშინ რომ ზალაში გამოვდგი და დავტოვე და ვარ ერთ დილემაში. ისე ეს დილემაც რა კარგი სიტყვაა, სულ მინდოდა გამომეყენებინა და ჩავაკვეხე აქ. რა ვქნა, გამიზიარეთ თქვენი აზრები.

მანამდე სამლიტრიანში კომბოსტოს ჩავამწნილებ, ზამთარი მოდის, არაყს უხდება, უყვარს ტაპორას არაყზე წნილის მიტანიება.

chacha da arayi

October 26, 2009

ქეთინო პანაშვიდზე

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 9:42 am

ერთხელ ქეთინო დეიდამ გაიღვიძა. მიხვდა, რომ ახალგაზრდობის წლები გალია, კანი გაუსქელდა და გულის შემართრთოლებელ ამბებზეც ისე გულიანად ვეღარ ქვითინებდა, ვეღარც ატლასოვან ბალიშის პირს ვეღარ ასველებდა ცხელი ცრემლებით. რაღა დაგიმალოთ და, იწყინა. ეწყინა და დაიწყო გამოსავალის ძებნა.

ბევრი ძებნა თუ ცოტა ძებნა, მოძებნა. მოძებნა და გაიხარა. სატირლად ემზადებოდა, თორემ გაიღიმებდა კიდეც. ხტუნვა-ხტუნვით გავარდა და ბებიამისის ნაჩუქარ ძველ გარდერობში შავი კაბის ძებნა დაიწყო.

ესეც მოძებნა. ბარხატოვანი და ატლასოვანი ქსოვილით გაწყობილი, ლიპებიანი და მკერდზე და სახელოებზე გიპიურით, კოჭებამდე დავარდნილი კაბა იპოვა. იმისთანა ხარისხი იყო, მუჭში მოიქცევდი.

სასწრაფოდ გადაიცვა და შეხტა-შემოტრიალდა. ახლა მთავარი იყო, ვინმეს მკვდარიც ეპოვა და გულის მოსახოებლად წასულიყო.

მკვდარმაც არ დააყოვნა და უეცრად გაახსენდა, რომ გუშინ მის თავზე რომ ჩეხური ოროთახიანი იყო, სამად გადაკეთებული, იქ ძველი ზვიადისტი და ღირსების ორდენის მფლობელი, ვალოდია გარდაიცვალა.

მკვდრისთვის ყვავილების მიტანა წესია, ქეთინოს კი ბაღჩა არ ჰქონდა, რომ ყვავილი მოეწყვიტა. ვალოდიასთვის ფულს რა თქმა უნდა არ გადაყრიდა, მით უმეტეს რომ ვალოდია იქეთ ეძლეოდა ხოლმე ჭაბუკობაში და რომ არაფერი გამოუვიდა, ფულსაც ხშირად სთავაზობდა.

სხვა გზა არ იყო, ყვავილები რამენაირად უნდა ეშოვა. ერთი გენიალური იდეაც აენთო თავში

შევარდა ჩულანში, ბებიამისის ნაქონ ძველ არაბულ ტახტს დაეჯაჯგურა და შუა ზალაში გამოათრია. სამძიმარზე პირველი სტუმრები უკვე მოიჩქაროდნენ. ამიტომაც ქეთინომ სასწრაფოდ იშვირა ფეხი კარი ღია დატოვა, ტახტზე წამოკოკროჭინდა და თეთრი ზეწარი მიიფარა.

არ გასულა ათიოდე წუთი რომ,  ვალოდიას ჩოხატაურელი გარებიძაშვილები და ორი ქვისლი  წივილ-კივილით და ლოყების ხოკვით შემოცვივდნენ ქეთინოს ზალაში. ეცინება ქეთინოს ულვაშებში, იკვნეტს ტუჩებს, მაგრამ ზეწრის ხვრელიდან მაშინვე შეამჩნია, რომ ვენოკი მართლაც და, წუნდაუდებელი იყო. ნათესავებს კი გაუკვირდათ ერთი პირობა, რომ არც ჭირისუფალი არ დახვდათ და არც კვტრის სურათი იყო გამოჭიმული, მაგრამ ჩათვალეს, რომ ქალაქში ასეთი წესი იყო და უკანმოუხედავად გაცვივდნენ უკან.

წამოხტა გიჟივით ქეთინო, გადაიძრო ზეწარი, დასტაცა ხელი ვენოკს, სარკეში მწუხარე სახე მიიღოკარი გამოიჯახუნა და თითო კიბის გამოტოვებით მე-14 სართულზე სამძიმარზე ავარდა.

დადგა ნანატრი ჟამი და ქეთინომ თავის ინიციალებიანი შავი ცხვირსახოცი ამოიღო  (შავი იმიტომ რომ ჭუჭყის ამტანია საერთოდ) და გულიანად აბღავლდა.

ტირის ქეთინო დეიდა, ტირის, ამოაყოლა გულის დარდები, დააყენა ტბა, შემოვიდა ერთი პარტია გავიდა, შემოვიდა მეორე პარტია გავიდა, არ დაადგა ქეთინოს წასვლას საშველი, ტირის, ტირის, თავს იკლავს. თავისი ნაფერებ-ნალოლიავები ქალიშვილობაც გამოიტირა, ის ტავარი რომ ჩაუწვა აგვისტოს ომის გამო ისიც, საბაჟოზე გადმოსვლისას საბაჟო გადასახადი რომ დაუწესეს, იმაზეც იქვითინა. შესცქერიან გაოცებული ჭირისუფლები ქეთინოს, თვალზე ცრემლი მოადგათ, როგორ ყვარებია ჩუმად საწყალი ვალოდიაო, არ გაჩერდა ქეთინო, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ღორის გრიპი, მინინგიტი, მაპი რომ არ მოგვცეს იმაზეც ისლუკუნა, ბადრი პატარკაციშვილი რომ დაიღუპა და პანაშვიდზე რომ ვერ მიუსწრო, ამდენი აქციები რომ ხახვივით შერჩა სააკაშვილს, ამდენი ხანია რომ თავის თავისთვის ვერ მოუცლია და შარვლის შიგნით რომ დახეული კალგოტკები აცვია და ერთი პომადა რომ ვერ იყიდა, იმასაც ამოაყოლა გული და ერთი-ორი კურცხალი მაიკლ ჯექსონსაც მიაწია.

რამდენიმე საათი დაისია თვალები, გაისია გული, მოერია ზღვას და გულდამშვიდებული ჩავიდა სახლში.

ჰოდა ვწევარ ეხლა ამ არაბულ ტახტზე, რატო მედგა ამდენი ხანი ჩულანში ვერ გავიგე, შვენიერი წამოსაწოლი ყოფილა. ვფიქრობ კაცო, ამ ენდოკრინოლოგთან მისვლას რით ვერ დავაყენე საშველი, რით ვერ მივაღწიე. მარა, უხერხულია ისე ხელცარიელი მისვლაც, ერთი ”ჩერი” ბანბანერკა რა გახდა რომ ვერ ვიყიდე, ვერაფრით გადავეჩვიე მესამე პირში ლაპარაკს, ამ ბოლო დროს პირიც მიშრება და შაქარი ხომ არა მაქვს, მაინტერესებს.

Next Page »

Create a free website or blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.