![]()
წუხელის იმისთანა სიზმარი მესიზმრა, წყალს კი მოვუყევი უკვე და აქაც უნდა დავწერო, დარდები ამოვაყოლო. ვითომ, გავიხედოთ და, ვართ მე, მიშა, გიგა, ვანიჩკა და ეკა რედისონში. ამ ბესელიას ასეთ საზოგადოებაში რაღა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ ესე ვნახე. ხოდა იმისთანა სუფრაა გაშლილი, სართულებად ალაგია კერძები. ჰოდა, გავიხედე და, ეს ბოკერია აუზში ჭყუმპალაობს, (მე-18 მე-19 სართულებზე როა), ეს ვანიჩკა ეკას ეკურკურება და დავრჩით მე და მიშა მოყუჩებულში. გამიყარა თვალი თვალში, ამარიდა მერე. მოერიდა ეტყობა. გავიხედე და, არ გადმომიცაცუნა ფეხი სუფრის ქვეშიდან? ამაპარა წვივიდან ზემოთ! გავიხედე, გამოვიხედე, კი არავინ გვიყურებს, მაგრამ გულმა რეჩხი მიყო, არც შალვა რამიშვილს ეგონა რომ უყურებდნენ, მაგრამ ვერ ხეხა 4 წელი? ხოდა, ვიყურები აქეთ-იქით, მიშაც არ აჩერებს ამ დასაწვავ ფეხს, თან თვალს მიპაჭუნებს და თითზე გასაღებს მიტრიალებს, აქაოდა გვერდზე ნომერში გავიდეთო. არადა, ვერც მივხვდი თითქოს, მიშას რა უნდოდა, ისეთი წიწკვი გოგოები ეძლევიან მაგას, დედისტოლა ქალისკენ თუ გამოიხედავდა რას ვიფიქრებდი! ჰოდა, რომ გავიფიქრე, რაც იქნება იქნება, ავყვები, ვნახოთ ერთი რა უნდა, იქნება და რა აქვს ოთახში-თქო, ამოვიდა გიგა წყლიდან და დაგვირღვია მყუდროება! გაბრაზდა მიშა, მაგრამ რა გაბრაზდა! ყრის ცოფებს და დორბლებს აქეთ-იქით, ეს პერსონალი დაიმალა, აღარ ჩანს, ზოგი ხალიჩის ქვეშ შეძვრა, ზოგი ლუსტრას ჩამოეკონწიალა, შიშის ზარი დაეცათ. მიშამ კიდევ, გაიძრო ეს ქამარი, ის იყო უნდა გაეტყლაშუნებინა გიგასთვის, ეს უბედურიც უკვე გამზადებული იდგა, გადაკუზული საცოდავად, გამომეღვიძა!
ჰოდა, ეხლა ვწევარ ამ ჩემს არაბულ ტახტზე და ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ: დიდი კაცის ნახვა სიზმარში საერთოდ რომ კარგია, ვიცოდი, მაგრამ დანარჩენი აღარ მახსოვდა დეტალებში და გადმოვიღე ბებიაჩემის ნაქონი ნაცრისფერყდიანი დავთარი, იქ ქონდა გაწერილი ცხონებულს ყველაფერი, რა უნდა დაგსიზმრებოდა, იქ არ ყოფილიყო. მოვყევი ა-დან და ჩავედი ჰ-მდე.
უნამუსო დედაკაცთან ლაპარაკი დიდი ბედნიერებააო და ეკა ბესელიაზე უნამუსო ვინ უნდა მენახა! ბოლოკის ჭამა ცუდია, მტრობის ნიშანიაო და რა ვქნა, მომკალით და არ მახსოვს ვჭამე თუ არა იმ სიზმარში ბოლოკი! ტიტველი კაცის ნახვა ან ჩემი თავის ნახვა ორივე ცუდის ნიშანია და კიდევ კარგი, გიგა დროზე ამოვიდა წყლიდან, თორემ რა მომივიდოდა არ ვიცი. ალერსი საკეთილოა და გულის ნდომა აგისრულდესო და ვინ გაცალა ალერსამდე! ამოხტა წყლიდან და გვიშალა მე და მიშას ნერვები! გველის შუაზე გაწყვეტა კარგია და ბედნიერებააო და ღირსი იყო გიგა გამეწყვიტა შუაზე, ბედი მაგისი, რომ გამომეღვიძა!
ჰოდა მიშაზე მაინც ვერ გავარკვიე ჯეროვნად როგორ ამიხდება, რა იქნება რა ბედს ვეწევი და მაინც თავის დაზღვევის მიზნით, სანთელი დავანთე, სამჯერ გადავაფურთხე, ზურგს უკან მარილი გადავყარე, მერე წყალი მივასხი, გზაჯვარედინზე ძველი ნივთი გავიტანე და დავწვი ღამის 12 საათზე, კი ძალიან დამენანა, მაგრამ რაღა ვქნა, მამლის ყივილამდეც ვიფხიზლე, წითელი პენუარიც მოვისხი, ნაკურთხი წყალი ვიპკურე, თვალზე წითელი ძაფიც დავიგდე, ნემსსაც ვუკბინე, მარცხენა ხელისგულზე სამჯერ ვიკოცე და თავზე გადავისვი. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რამე ხომ არ გამომრჩა. გამისკდა გული ნერვიულობისგან, წავედი ეხლა, კაპლებსაც გადავყლაპავ და თავზე შალს წავიკრავ. ეს სიზმარი რომ ცუდად ამიხდეს და იმ ტრაკშარა უშანგის ცოლმა ბეკოს სარეცხი მანქანა ჩემზე ადრე იყიდოს, გული გამისივდება შურისგან, ისიც მეყოფა, ამდენი ხანია სუპერმარკეტში ავტომატის ფხვნილს რომ ვყიდულობ, აქაოდა მაგან არ გაიგოს, მანქანა რომ ჯერ არ მაქვს. რა ვიცი, დღეს კედლებსაც ყურები და თვალები აქვთ.


