Qetinodeida's Blog

February 9, 2010

ქეთინო შარმელშეიხში!

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 8:14 pm

ერთხელ, გავიხედოთ და, უშანგის ტრაკშარა ცოლი მეძახის, ამო კოფე მოვადუღე და დავლიოთო. გულმა რეჩხი კი მიყო, ეგ ტყუილად არ დამიძახებდა, მაგრამ ამოვიჩარე იღლიაში ორჯერ დასკოჩილი ჩერი ბონბონერი და ავედი. ათუხთუხებს კოფეს და ეშმაკური თვალებით მიყურებს. ვეუბნები, რა მოხდა, რა დაგმართნიაო. ჰოდა, მეუბნება, მეო და ჩემი უშანგიო ხვალ–ზეგ შარმელშეიხში მივდივართ თაფლობის თვე უნდა მოვიწყოთო. თაფლი და ჭირი თქვენ მეთქი, გავივლე გულში, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გაფაციცებით ჩავინიშნე როგორ და რანაირად მიფრინავდნენ და რამდენი დაუჯდათ ეს პაესტკა.

ჩამოვვარდი მერე სახლში, გამოვაძრე ბებიაჩემის ნაქონი ჩოთქი, გავწიე და გამოვწიე, დავთვალე, მერე მუთაქას მოვურღვიე პირი, ჩემი გადანაკუჭი ლარიანები ამოვაცოცე და კმაყოფილმა და ბედნიერმა ჩემი პირველი ქმრის ფოტოს შევხედე, რას მოესწრო საცოდავი, ამისი ცოლი!

იმ ღამესვე გადმოვიღე ჩემი დიდი ჩუმუდანი ჩავალაგე ჩემი ახალუხლები, თურქეთიდან ჩამოტანილი ახალი დვოიკაც ჩავტენე, გაუხსნელი კბილის ჯაგრისიც ჩავდე. მეორე დღეს სააგენტოში მივედი, ყველაზე იაფში სადაც გამოვიდოდი, კონვერტში ჩადებული თანხა თავზე სამჯერ შემოვიტარე და პუწიოვკაში გადავიხადე. მართალია ჩემი კოლიცო ლომბარდში გავისტუმრე, მაგრამ არა ბიჭო უშანგის ტრაკშარა ცოლს ვალაპარაკებდი, ქეთინო ზაფხულობით ბაღდადში ისვენებსო!

თვითმფრინავში ჩემი ადგილი არ მომეწონა, მძღოლის გვერდით მინდოდა ჯდომა ფანჯარასთან, ის იყო ერთი ფეხი ერთ ილუმინატორს მივადგი, მეორე _ მეორეს, მაგრამ მომვარდა ერთი სტიუარდესა და ჩამომსვა. არა მეთქი ქეთინო, არ გაგივა აქ შენებური თქო, შევუძახე თავს და დავმშვიდდი. სამაგიეროდ იმ გოგოს ქუდი წავართვი, მე უფრო მიხდება მეთქი დავამშვიდე. ლანჩის დრო მალე მოვიდა. მომიტანეს რაღაცა მაიმუნობა კრევეტები, ამოავლე ამ სოუსში და ჭამე შენი ხმა არ გავიგოო. ეს კი არ მომეწონა და ცხელი კერძი მოვითხოვე. ქეთინოს წინ რა დაუდგებოდა და მომართვეს.

სასტუმროს ნომერში ჩვეულებრივი საწოლი დამახვედრეს, არც ეგ მესიამოვნა. ერთი კი გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ მერე არაბული ტახტი მოვითხოვე, მე მაგაზე ნაკლებზე არ დავწვები მეთქი, გამოვუცხადე. გადახედეს ერთმანეთს შავშავმა არაბებმა, გადაუბურტყუნეს რაღაც ერთმანეთს და გაცქვრნენ. ორ წუთში შემოაჩოჩეს არაბული ტახტი. მერე დიდ ხანს იდგნენ და თითებით რაღაცას მანიშნებდნენ, მე ჟუაჩკა და ქაღალდის სალფეტკი მივეცი (თვითმფრინავში ლანჩის მერე სველი სალფეტკი მოგვცეს, ძაან კი დამენანა, ეგრე რომ მივეცი, მაგრამ აბა აღარ მეშვებოდნენ) და დამანებეს თავი.

ჰოდა, გავიხედოთ და უშანგის ტრაკშარა ცოლმა ჭყიტა თვალები, გვერდით რომ წამოვუკოსდი შარმელშეიხის პლაჟზე კოპლებიან ზედა–ქვედა კუპალნიკში გამოპოწოლიკებული!  ჩავარჭე ჩემი გამჭვირვალე ქოლგა პლაჟზე და გადავშალე ჟურნალი “თბილისელები”. თავშენახული ქალი ვარ და ორი ნომერი ვიყიდე ერთი ძველი ერთი ახალი და ერთიც ჟურნალი “კარუსელი”, კროსვორდებს შევავსებ მეთქი ვიფიქრე.

ისე მაინც რა ოხერი ვარ, ამ გამჭვირვალე ქოლგიდან უკეთესად ვხედავ უშანგის და მაგის ცოლს რას აკეთებენ, რას ჭამენ, რას სვამენ. ვაიმე, რას ხედავ ამას ქეთინო, უშანგი ვიღაც რუსის ნაშებს თავისი ტელეფონიც ფოტოებს უღებს, უშანგის ცოლი სკდება გულზე და თბილისიდან წამოღებულ ფენოვან ხაჭაპურს ხაჭაპურზე ჭამს.

საღამოს შემეცნებით ტურზე წავედი. ეს სფინქსი სულაც არ ყოფილა იმხელა, რამხელაც წარმომედგინა. ორ წუთში მოვექეცი თავზე. ამოვაძრე ჩემი დანა და დავიწყე “აქ იყო ქეთინო 2010 წლის” დაწერა. გამიგია, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ–ერთთან თუ მოხვდიო, სურვილები უნდა მიაწერო ზედო, ხოდა გავაგრძელე ფხაჭნა.

აი ჩემი სურვილების სია სფინქსის ყურის ქვეშ ამის მერე ასე გამოიყურება:

1. ჩემი ლამზირას გაბედნიერება.

2. კუპალნიკების ახალი პარტიის ბოლომდე ამოყიდვა.

3. ჩემთვის კარგი კაცის გამოჩანგვლა ოშმ მჩგ უგ.

4. იანუკოვიჩის გაპრეზიდენტება. (იშ, ეგეც მაგათ!)

5. “ამირანის” ორი ბილეთი სამგანზომილებიან ფილმზე. (სულერთია ფილმი).

6. სამგანზომილებიანი ფილმის სათვალე. (იქნება იმით უკეთესად ჩანს წინა კორპუსში მესამე სართულზე ახალი ფარდები რო დაკიდეს, იმ ბინაში ვინები გადმოვიდნენ).

7.  თვითმფრინავში ობრატნიზე მაინც მძღოლის გვერდით დაჯდომა.

8. სტეფანე და სამი გოგოს ახალი კლიპის მტვ–ზე მოხვედრა.

ის იყო მეცხრეზე გადავედი და ნაბუქოს პროექტის ჩაშლას ვწერდი, რომ სფინქსთან უამრავი ხალხი შეგროვდა, მოვიდა ამწეკრანი, მომკიდა წელში რაღაცა და ჩამომსვა ძირს. ვასავსავე ხელ–ფეხი, ვიხვეწე, ვიმუდარე, ჩემი დანა ზევით დამრჩა მეთქი, მაგრამ ვინ გისმინა! ერთი სიტყვა ქართული ვერ გავაგონე ამ ეგვიპტელებს და არაბულით არავინ შემეშველა.

საბოლოო ჯამში მაინც კაი პაესტკა გამომივიდა. მართალია ზაგარნი კრემებს ხან ვის ვასმევინებდი, ხან ვის, მაგრამ, მაინც კარგად დავიფუფქე, ისეთი წითელი ვარ, ავ თვალს არ ვენახვები. თვითმფრინავშიც მძღოლის გვერდით გამოვიჭიმე, ხან წინა პარპრიზზე ვაკაკუნე, ხან რაღაც კნოპკებს ვუჩხიკინე, მერე მძღოლმა ლანჩი შეჭამა და ძირს ნამცეცები დაყარა, ვეცი, გამოვუხვეტე. მერე სტიუარდესას მაგივრად, მე ვილაქლაქე ყურმილში. რაღაცები მოვიტყუე, ილუმინატორები შეხსენით, თორემ კონდიციონერი აღარ მუშაობს და ამოვიხუთებით ყველა უჰაერობით–მეთქი.

ეგვიპტიდან სამახსოვრო საჩუქრები ჩამოვიტანე _ ბარაქის მომტანი ბეჰემოტი გამოვჭიმე პიანინოს თავზე. მეტი არ მინდა ის საქონელი ჩამიწვეს! ეხლა იმას ვფიქრობ, ჩემი კოლიცო გამოვიტანო ლომბარდიდან თუ დავტოვო. რაში მჭირდება პრინციპში. მკითხაობისთვისაც აღარ ვარგა, გაფუჭდა და ჭიქაზე აღარ აკაკუნებს წესიერად.

თუ ტურისტულ სააგენტოებთან რამე პრობლემა შეგექმნათ მე დამირეკეთ, მანდ ყველა ჩემი ბრატია, ბლატები მაქვს ყველგან,

მენდეთ რა,

თქვენი ქეთინო დეიდა.

November 5, 2009

ჩემი ავბედითი სიზმარი

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 12:37 pm

წუხელის იმისთანა სიზმარი მესიზმრა, წყალს კი მოვუყევი უკვე და აქაც უნდა დავწერო, დარდები ამოვაყოლო. ვითომ, გავიხედოთ და, ვართ მე, მიშა, გიგა, ვანიჩკა და ეკა რედისონში. ამ ბესელიას ასეთ საზოგადოებაში რაღა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ ესე ვნახე. ხოდა იმისთანა სუფრაა გაშლილი, სართულებად ალაგია კერძები. ჰოდა, გავიხედე და, ეს ბოკერია აუზში ჭყუმპალაობს, (მე-18 მე-19 სართულებზე როა), ეს ვანიჩკა ეკას ეკურკურება და დავრჩით მე და მიშა მოყუჩებულში. გამიყარა თვალი თვალში, ამარიდა მერე. მოერიდა ეტყობა. გავიხედე და, არ გადმომიცაცუნა ფეხი სუფრის ქვეშიდან? ამაპარა წვივიდან ზემოთ! გავიხედე, გამოვიხედე, კი არავინ გვიყურებს, მაგრამ გულმა რეჩხი მიყო, არც შალვა რამიშვილს ეგონა რომ უყურებდნენ, მაგრამ ვერ ხეხა 4 წელი? ხოდა, ვიყურები აქეთ-იქით, მიშაც არ აჩერებს ამ დასაწვავ ფეხს, თან თვალს მიპაჭუნებს და თითზე გასაღებს მიტრიალებს, აქაოდა გვერდზე ნომერში გავიდეთო. არადა, ვერც მივხვდი თითქოს, მიშას რა უნდოდა, ისეთი წიწკვი გოგოები ეძლევიან მაგას, დედისტოლა ქალისკენ თუ გამოიხედავდა რას ვიფიქრებდი! ჰოდა, რომ გავიფიქრე, რაც იქნება იქნება, ავყვები, ვნახოთ ერთი რა უნდა, იქნება და რა აქვს ოთახში-თქო, ამოვიდა გიგა წყლიდან და დაგვირღვია მყუდროება! გაბრაზდა მიშა, მაგრამ რა გაბრაზდა! ყრის ცოფებს და დორბლებს აქეთ-იქით, ეს პერსონალი დაიმალა, აღარ ჩანს, ზოგი ხალიჩის ქვეშ შეძვრა, ზოგი ლუსტრას ჩამოეკონწიალა, შიშის ზარი დაეცათ. მიშამ კიდევ, გაიძრო ეს ქამარი, ის იყო უნდა გაეტყლაშუნებინა გიგასთვის, ეს უბედურიც უკვე გამზადებული იდგა, გადაკუზული საცოდავად, გამომეღვიძა!

ჰოდა, ეხლა ვწევარ ამ ჩემს არაბულ ტახტზე და ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ: დიდი კაცის ნახვა სიზმარში საერთოდ რომ კარგია, ვიცოდი, მაგრამ დანარჩენი აღარ მახსოვდა დეტალებში და გადმოვიღე ბებიაჩემის ნაქონი ნაცრისფერყდიანი დავთარი, იქ ქონდა გაწერილი ცხონებულს ყველაფერი, რა უნდა დაგსიზმრებოდა, იქ არ ყოფილიყო. მოვყევი ა-დან და ჩავედი ჰ-მდე.
უნამუსო დედაკაცთან ლაპარაკი დიდი ბედნიერებააო და ეკა ბესელიაზე უნამუსო ვინ უნდა მენახა! ბოლოკის ჭამა ცუდია, მტრობის ნიშანიაო და რა ვქნა, მომკალით და არ მახსოვს ვჭამე თუ არა იმ სიზმარში ბოლოკი! ტიტველი კაცის ნახვა ან ჩემი თავის ნახვა ორივე ცუდის ნიშანია და კიდევ კარგი, გიგა დროზე ამოვიდა წყლიდან, თორემ რა მომივიდოდა არ ვიცი. ალერსი საკეთილოა და გულის ნდომა აგისრულდესო და ვინ გაცალა ალერსამდე! ამოხტა წყლიდან და გვიშალა მე და მიშას ნერვები! გველის შუაზე გაწყვეტა კარგია და ბედნიერებააო და ღირსი იყო გიგა გამეწყვიტა შუაზე, ბედი მაგისი, რომ გამომეღვიძა!
ჰოდა მიშაზე მაინც ვერ გავარკვიე ჯეროვნად როგორ ამიხდება, რა იქნება რა ბედს ვეწევი და მაინც თავის დაზღვევის მიზნით, სანთელი დავანთე, სამჯერ გადავაფურთხე, ზურგს უკან მარილი გადავყარე, მერე წყალი მივასხი, გზაჯვარედინზე ძველი ნივთი გავიტანე და დავწვი ღამის 12 საათზე, კი ძალიან დამენანა, მაგრამ რაღა ვქნა, მამლის ყივილამდეც ვიფხიზლე, წითელი პენუარიც მოვისხი, ნაკურთხი წყალი ვიპკურე, თვალზე წითელი ძაფიც დავიგდე, ნემსსაც ვუკბინე, მარცხენა ხელისგულზე სამჯერ ვიკოცე და თავზე გადავისვი. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რამე ხომ არ გამომრჩა. გამისკდა გული ნერვიულობისგან, წავედი ეხლა, კაპლებსაც გადავყლაპავ და თავზე შალს წავიკრავ. ეს სიზმარი რომ ცუდად ამიხდეს და იმ ტრაკშარა უშანგის ცოლმა ბეკოს სარეცხი მანქანა ჩემზე ადრე იყიდოს, გული გამისივდება შურისგან, ისიც მეყოფა, ამდენი ხანია სუპერმარკეტში ავტომატის ფხვნილს რომ ვყიდულობ, აქაოდა მაგან არ გაიგოს, მანქანა რომ ჯერ არ მაქვს. რა ვიცი, დღეს კედლებსაც ყურები და თვალები აქვთ.

November 3, 2009

ქეთინოს მეგობრობის დღიური

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 1:46 pm

ერთი კარგი ბიჭია, ზურა. დამთაგა, (ეს რაღა მეტიჩრობა მოიგონეს არ ვიცი) ზედმეტი ლაპარაკი არ მინდა ეხლა, პირველად ვიხმარე კორეგა და მეშინია პროტეზი არ ჩამომძვრეს. დავწერ პირდაპირ:

მიყვარს – ფულიანი და ჯანმრთელი მამაკაცები

ვოცნებობ – ფულიან და ჯანმრთელ მამაკაცებზე

ვფიქრობ – ამ კვირაში შევხვდე თუ არა ტაპორას და შემდეგში რაზე ვიფიქრებ რა ვიცი ჯერ.

კმაყოფილი ვარ – ჩემი ლილოს ბიზნესით, ლამზირას რომ ჩემი მარიფათი გამოყვა და ჩემი მკერდის ზომით.

მძულს – უშანგის ტრაკშარა ცოლი და ერთი-ორი მაგისნაირი კიდე.

ვნანობ – საზღვარგარეთ მაგისტრატურაში რომ არ ჩავაბარე. ტუტუცი ვარ, რა!

მენატრება – ის დრო, მწვანილის მოსაკრეფად რომ გამგზავნეს…

მსურს – გადადგეს მიშა სააკაშვილი და პრეზიდენტად ვინმე უცოლო და პერსპექტიული აირჩიონ, მე რომ პირველი ლედი გავხდე მერე.

მაღიზიანებს – ჩემი ქმარი მაღიზიანებდა, მაგრამ სადღაა უბედური…

ვგრძნობ – მეორედ მოსვლა მოახლოებულია.

მეშინია – შავი კატების, ჯადოსი, ხუბუასი მეშინია, რაღაცა შიგნიტიკური შიში მაქვს მაგ კაცის და არ ვიცი რატომ :S

ვიცი – დედამიწის გულში რა არის, მაგრამ თქვენ გული ნუ დაგწყდებათ, ისეთი არაფერი.

არ ვიცი – ქეთინოს უცოდინარი ქვეყნად არაფერია

შემიძლია – მუშტის პირში ჩადება, ნემსის ყუნწში გაძრომა და საკუთარ იდაყვზე კბენა.

არ შემიძლია – ასეთ პირობებში ცხოვრება!!!!

ვმეგობრობ – მხოლოდ იმათთან ვისგანაც რამე გამორჩენა მაქვს.

ვაპატიებ – ღალატს.

ვტირი – პანაშვიდებზე.

ვიცინი – როცა საკუთარ კურიოზებს ვიხსენებ.

ვეძებ – ოშმ, უ/გ, მჩგ(მავნე ჩვევების გარეშე), მაღალ, სიმპათიკურ, სპორტული აღნაგობის, დაკუნთულ, პრეზიდენტობის სურვილის მქონე, დაღვინებულ, ბინით, მანქანით, სამსახურით და აგარაკით უზრუნვეყოფილ, უცოლო და პატიოსან მამაკაცს, წმინდა და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. უსაქმურები, დაბლები და მელოტები ნუ გამომეხმაურებით.

ღირსი ვარ – ვიყო პირველი ლედი, არ ვარ ღირსი????

ვკარგავ – თავს…

მშურს – ინგა გრიგოლიასი, ჯერ რომ პლასტიკური ოპერაციებით გადაიტკუცა კანი და მერე ლონდონში რომ წაბრძანდა სასწავლებლად.

ვემალები – ლუკა რომ მწერს კომენტარებში იმას, რა უნდა ვერ გავიგე, რას გადამეკიდა, ვინაა მაგისი TOTIA.

ვემტერები – ავტობუსის კონტროლიორებს, იმდღესაც მდიეს, მდიეს და მაინც შევასწარი სკვაზნოი დერეფნიან კორპუსში, იიიიიშშ!

მაინტერესებს – საიდან აქვს უშანგის ამდენი ფული და რა მისცა სეფაშვილმა თმის გადანერგვაში.

არ მაინტერესებს – ჯაბა ქარსელაძის და ლალი მოროშკინას აკრძალული სიყვარულის ამბები. (მოკლედ, პროფილი მინდოდა მეგულისხმა და ვერ გავბედე…) ან რატომ არ უნდა მაინტერესებდეს ვითომ?!

მახსოვს – ლელა წურწუმიას ყმაწვილქალობა, ჩემ ხელშია გაზრდილი.. უიიი ეგ რა იყოოოო, ეხლა რომ გამოიბა ფრთები და ატყლაშუნეეებს…

მრცხვენია – აბანოში სიშიშვლის.

უარვყოფ –  ქორწინებამდე სექსს!

ვავადმყოფობ – რა ვიცი, მესამე პირში რომ ვლაპარაკობ ხშირად, მაგას თუ ავადმყოფობას დავარქმევთ…

ვმალავ – ფლეიბოისთვის რომ ფოტოები გადამიღეს, იმას.

ვინახავ – ბებიაჩემის ნაჩუქარ კომოდში.

მწამს – ჯადოების, თვალის, აურის და ათასი ეგეთი ეშმაკის მანქანების და  ხიმანდრობების.

მიკვირს – როგორ არ უსკდება დედამისს გული თეა თუთბერიძის შემხედვარე. :|

მიხარია – შუქი რომ გვაქვს და გზები რომ დაგვიგეს.

ვჭორაობ – მე რასაც ვიძახი, სულ მართალი გამოდგება ხოლმე, მენდეთ-თქო ტყუილად ხომ არ ვამბობ ამხელა ქალი :|

ვდარდობ – ღამღამობით და გულის კუნჭულში.

ვამაყობ – ჩემი ლამზირათი და ჩემი ახალი სმართფონით.

ვაკეთებ – არაჩვეულებრივ ხარჩოს, თითებს ჩაიკვნეტ.

ვეფერები – რაც თქვენი საქმე არაა იმაში ცხვირის ჩაყოფა ნუ გიყვართ!

მსიამოვნებს – თავისუფალ დროს ჯადოების კეთება.

მესიზმრება – ეროტიკული სიზმრები.

ვეწევი – ვაფუილებდი შიგადაშიგ, კი.

მწყინს – როცა მამაკაცები ვერ მამჩნევენ.

ვხარჯავ – ყველაფერს ფულის გარდა.

ვღალატობ – ნუ ეხლა, ღალატი რა, თუ მაგასაც ღალატს დავარქმევთ…

ვკამათობ – მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე და მორალურად გატეხვამდე.

ვუხეშობ – მიყვარს უხეში მამაკაცები…

ვუსმენ –ჩემი კარის მეზობლების წივილ-კივილს ყოველღამე და “Prodigy”-ს

ვყოყმანო –  შევხვდე თუ არა ტაპორას.

ვკითხულობ – სარკეში რომ გულახდილი საუბრების გვერდია იმას, მაგრამ ძირითადად კლასიკას ვამჯობინებ.

ვამზადებ – ბავშვებს უნარ-ჩვევებში.

ვუყურებ – ”სიმართლის დროს” და ერთი მეც ხომ არ მეცადა ბედი, ვფიქრობ 100 000 ხუმრობა საქმეა?

ვკლავ –გამოძახებით. :|

ვაფუჭებ – ავტობუსებში ”კასებს”. აბა რა ამბავია 40 თეთრი, სადა მაქვს მაგდენი გადასაყრელი ხურდა?

ვცხოვრობ – ხელმომჭირნედ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია…

ვცემ – ვაიმე, უშანგის ბავშვს სადაც დავიჭერ, იქ დავაგლიჯავ ყურებს!..

ვმღერი – აბაზანაში.

ვასრულებ – 5-იანზე!

დავდივარ – შარდენზე, თქვენ მე ვიღაც ვიგინდარა არ გეგონოთ!

ვერიდები – კაცების სახლში ამოყვანას, ათასი ჭორიკანა მეზობელი მყავს.

ვთამაშობ – პოკერებში (მიმართლებს სხვათა შორის, დავუმუღამე მარწყვებს)

ვიტყუები – ასაკს და ფასს, ისიც ხანდახან.

ვგიჟდები – ბიჭს რო ნაუშნიკები უკეთია და ყელზე შავ-თეთრი შარფი აქვს სამკუთხედად მოხვეული

ვაგროვებ – ცხენისწაბლებს, ჯიბეში უნდა გედოს თურმე და გულისთვის ყოფილა არაჩვეულებრივი!

ვიხდი – გააჩნია ვისთან.

ვეჭვიანობ – ეგღა მაკლია!

ვკაიფობ – პლანს დავუმუღამე ამ სიბერეში.

ვიზიდავ – საპირისპირო სქესს.

ვილამაზებ – გაგილამაზებთ მე თქვენ თავ-პირს, თუ მოვედი!

November 2, 2009

ქეთინო გადის პრავაზე

უჰ, დამადგა საშველი, ვიყავი ენდოკრინოლოგთან, ძლივს გამოვისწორე მეტყველება. ამოვიჩარე ერთი ჩერი ბანბანერკა იღლიაში და ვესტუმრე. კიდევ კარგი, ნახევარი ისევ მე შევჭამე, თორემ გავსკდებოდი გულზე.

იმდღეს, ჩემმა მეზობელმა უშანგიმ ახალი ”სუბარუ” მოაგელვა ეზოში. რა იშოვეს ამდენი ამ ოჯახმა არ ვიცი, მაგრამ დგას გასისინებული მანქანა და თვალში ეკლად მეჩხირება. განა მე სუბარუ მიჭირს, მაგრამ პრავა რათ არა მაქვს? უშანგის და იმის ტრაკშარა ცოლს თუ აქვთ, მე რატომ არ უნდა მქონდეს?ვითომ ვისზე რა ნაკლები ვარ?

putinis prava

(სადაც პუტინს აქვს პრავა, მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ)

ჰოდა, გადავწყვიტე, პრავის ასაღებად წავსულიყავი. ბედად, ახალი ჩამოტანილი მქონდა ქემერიდან ტავარი, სულ ფუთებად იყო შეკრული. ამოვქექე, გადავქექე, ამოვაძრე ზედა-ქვედა დვოიკა _ შარვალი და კოფთა. ფეხზეც მოკასინები შევირჩიე. ტანსაცმელს იარლიყები ჩავუბრუნე, რათ დავკარგო, დავბრუნდები, გავიხდი, გავაუთოებ, კაი ფასში გაიყიდება.

dvoika

წავედი დინამო სტადიონზე, ერთი საათი ველოდე ჩემს ნაცნობ მძღოლს, უფასოდ რომ გავყოლოდი რუსთავამდე და როგორც იქნა ჩავაღწიე.

ჩავაღწიე და ვაი ამ ჩაღწევას! რიგი, რიგი, რიგი, ცოცხალი! გავცქვერ-გამოვცქვერი, ვიჩხუბე, ცოცხალი რიგი რათ უნდა იყოს, ჩამოვწერ მე-მეთქი და პირველი წამოვკოკროჭინდი სიაში.

აქაც გამიმართლა და გამომცდელად ჩემი ყოფილი საყვარელი ტაპორა შემხვდა. გაიხარა იმანაც, მაგრამ ისე დაიბნა ქერტლივით, თავი ვეღარ აწია. ამდენი პატივი მქონდა მაგისთვის ნაცემი თავის დროზე და ფულს როგორ გამომართმევდა? წვიმდა და თეთრი ხაზები წაშლილი იყო. ისე აღარ ეტყობოდა და 4-ჯერ ამ ოხერი წვიმის გამო ჩავიჭერი. თქვენ არ იფიქროთ, ტაპორას ნახვა მინდოდა და ისევ წაკეკლუცება. არა, კი გამოაპარა რუჩნოიდან ჩემკენ ხელი, მაგრამ ისეთი ვტკუცე, მეორე დღეს დაბინტული მოვიდა. რა მოიგონეს ეს აღმართში დაძვრა და ეს მიხვევ-მოხვევები, რამდენჯერაც გავუხვიე, იმდენჯერ ხან მე ჩავუჯექი კალთაში, ხან ის. მეხუთეჯერაც კი ჩავიჭრებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამბობენ, უნარ-ჩვევებს ამატებენ გამოცდაზეო. ეჰ, რა დრო იყო, უნარ-ჩვევებში იქეთ ვამზადებდი ბავშვებს. სად იყო მაშინ ეროვნული გამოცდები და ვინ იცოდა ანალოგიები, მე რომ ბავშვებს სქილებს ვუმუშავებდი. აღარ მაქვს მაგის ნერვები, ისე კაი ფულები კი დავკუჭე, კაი ნაკვეთი მოვიდა იმ ფასში, გარდაბანში შევიძინე იაფში.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩავაბარე მეხუთე გასვლაზე გამოცდა, ავიღე პრავა. ისე კარგად გამოვიყურები პრავის სურათზე, ავ თვალს არ ვენახვები. იხელთა ამ ტაპორამაც დრო და კოფეზე მეპატიჟება ქალაქში. დავთანხმდე არ დავთანხმდე არ ვიცი. რომ წავიდე, ფუთიდან ახალი ნარიადი მაქვს ამოსაძრობი, მერე ამ ტაპორას გულისთვის არ ჩამიწვეს ახალთახალი საქონელი, არ წავიდე და გასკდა გული მარტოობით. იმ სიჩქარეში ვერც გამოვკითხე რა ქნა, რა ბედს ეწია, რა მოხელე-ნაჩალნიკია, იქნება არაა დასაკარგი კაცი.

მოკლედ ვწევარ ამ არაბულ ტახტზე მაშინ რომ ზალაში გამოვდგი და დავტოვე და ვარ ერთ დილემაში. ისე ეს დილემაც რა კარგი სიტყვაა, სულ მინდოდა გამომეყენებინა და ჩავაკვეხე აქ. რა ვქნა, გამიზიარეთ თქვენი აზრები.

მანამდე სამლიტრიანში კომბოსტოს ჩავამწნილებ, ზამთარი მოდის, არაყს უხდება, უყვარს ტაპორას არაყზე წნილის მიტანიება.

chacha da arayi

October 26, 2009

ქეთინო პანაშვიდზე

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 9:42 am

ერთხელ ქეთინო დეიდამ გაიღვიძა. მიხვდა, რომ ახალგაზრდობის წლები გალია, კანი გაუსქელდა და გულის შემართრთოლებელ ამბებზეც ისე გულიანად ვეღარ ქვითინებდა, ვეღარც ატლასოვან ბალიშის პირს ვეღარ ასველებდა ცხელი ცრემლებით. რაღა დაგიმალოთ და, იწყინა. ეწყინა და დაიწყო გამოსავალის ძებნა.

ბევრი ძებნა თუ ცოტა ძებნა, მოძებნა. მოძებნა და გაიხარა. სატირლად ემზადებოდა, თორემ გაიღიმებდა კიდეც. ხტუნვა-ხტუნვით გავარდა და ბებიამისის ნაჩუქარ ძველ გარდერობში შავი კაბის ძებნა დაიწყო.

ესეც მოძებნა. ბარხატოვანი და ატლასოვანი ქსოვილით გაწყობილი, ლიპებიანი და მკერდზე და სახელოებზე გიპიურით, კოჭებამდე დავარდნილი კაბა იპოვა. იმისთანა ხარისხი იყო, მუჭში მოიქცევდი.

სასწრაფოდ გადაიცვა და შეხტა-შემოტრიალდა. ახლა მთავარი იყო, ვინმეს მკვდარიც ეპოვა და გულის მოსახოებლად წასულიყო.

მკვდარმაც არ დააყოვნა და უეცრად გაახსენდა, რომ გუშინ მის თავზე რომ ჩეხური ოროთახიანი იყო, სამად გადაკეთებული, იქ ძველი ზვიადისტი და ღირსების ორდენის მფლობელი, ვალოდია გარდაიცვალა.

მკვდრისთვის ყვავილების მიტანა წესია, ქეთინოს კი ბაღჩა არ ჰქონდა, რომ ყვავილი მოეწყვიტა. ვალოდიასთვის ფულს რა თქმა უნდა არ გადაყრიდა, მით უმეტეს რომ ვალოდია იქეთ ეძლეოდა ხოლმე ჭაბუკობაში და რომ არაფერი გამოუვიდა, ფულსაც ხშირად სთავაზობდა.

სხვა გზა არ იყო, ყვავილები რამენაირად უნდა ეშოვა. ერთი გენიალური იდეაც აენთო თავში

შევარდა ჩულანში, ბებიამისის ნაქონ ძველ არაბულ ტახტს დაეჯაჯგურა და შუა ზალაში გამოათრია. სამძიმარზე პირველი სტუმრები უკვე მოიჩქაროდნენ. ამიტომაც ქეთინომ სასწრაფოდ იშვირა ფეხი კარი ღია დატოვა, ტახტზე წამოკოკროჭინდა და თეთრი ზეწარი მიიფარა.

არ გასულა ათიოდე წუთი რომ,  ვალოდიას ჩოხატაურელი გარებიძაშვილები და ორი ქვისლი  წივილ-კივილით და ლოყების ხოკვით შემოცვივდნენ ქეთინოს ზალაში. ეცინება ქეთინოს ულვაშებში, იკვნეტს ტუჩებს, მაგრამ ზეწრის ხვრელიდან მაშინვე შეამჩნია, რომ ვენოკი მართლაც და, წუნდაუდებელი იყო. ნათესავებს კი გაუკვირდათ ერთი პირობა, რომ არც ჭირისუფალი არ დახვდათ და არც კვტრის სურათი იყო გამოჭიმული, მაგრამ ჩათვალეს, რომ ქალაქში ასეთი წესი იყო და უკანმოუხედავად გაცვივდნენ უკან.

წამოხტა გიჟივით ქეთინო, გადაიძრო ზეწარი, დასტაცა ხელი ვენოკს, სარკეში მწუხარე სახე მიიღოკარი გამოიჯახუნა და თითო კიბის გამოტოვებით მე-14 სართულზე სამძიმარზე ავარდა.

დადგა ნანატრი ჟამი და ქეთინომ თავის ინიციალებიანი შავი ცხვირსახოცი ამოიღო  (შავი იმიტომ რომ ჭუჭყის ამტანია საერთოდ) და გულიანად აბღავლდა.

ტირის ქეთინო დეიდა, ტირის, ამოაყოლა გულის დარდები, დააყენა ტბა, შემოვიდა ერთი პარტია გავიდა, შემოვიდა მეორე პარტია გავიდა, არ დაადგა ქეთინოს წასვლას საშველი, ტირის, ტირის, თავს იკლავს. თავისი ნაფერებ-ნალოლიავები ქალიშვილობაც გამოიტირა, ის ტავარი რომ ჩაუწვა აგვისტოს ომის გამო ისიც, საბაჟოზე გადმოსვლისას საბაჟო გადასახადი რომ დაუწესეს, იმაზეც იქვითინა. შესცქერიან გაოცებული ჭირისუფლები ქეთინოს, თვალზე ცრემლი მოადგათ, როგორ ყვარებია ჩუმად საწყალი ვალოდიაო, არ გაჩერდა ქეთინო, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ღორის გრიპი, მინინგიტი, მაპი რომ არ მოგვცეს იმაზეც ისლუკუნა, ბადრი პატარკაციშვილი რომ დაიღუპა და პანაშვიდზე რომ ვერ მიუსწრო, ამდენი აქციები რომ ხახვივით შერჩა სააკაშვილს, ამდენი ხანია რომ თავის თავისთვის ვერ მოუცლია და შარვლის შიგნით რომ დახეული კალგოტკები აცვია და ერთი პომადა რომ ვერ იყიდა, იმასაც ამოაყოლა გული და ერთი-ორი კურცხალი მაიკლ ჯექსონსაც მიაწია.

რამდენიმე საათი დაისია თვალები, გაისია გული, მოერია ზღვას და გულდამშვიდებული ჩავიდა სახლში.

ჰოდა ვწევარ ეხლა ამ არაბულ ტახტზე, რატო მედგა ამდენი ხანი ჩულანში ვერ გავიგე, შვენიერი წამოსაწოლი ყოფილა. ვფიქრობ კაცო, ამ ენდოკრინოლოგთან მისვლას რით ვერ დავაყენე საშველი, რით ვერ მივაღწიე. მარა, უხერხულია ისე ხელცარიელი მისვლაც, ერთი ”ჩერი” ბანბანერკა რა გახდა რომ ვერ ვიყიდე, ვერაფრით გადავეჩვიე მესამე პირში ლაპარაკს, ამ ბოლო დროს პირიც მიშრება და შაქარი ხომ არა მაქვს, მაინტერესებს.

October 20, 2009

მე და ენდი გარსია!!

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 8:20 pm

დღეს დილით ქეთინომ მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძა თავის ლილოს აპარტამენტში. ვინაიდან და რადგანაც საჭმელი გასაკეთებელი არ ჰქონდა, (გუშინ შეწვა ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხში) გადაწყვიტა რამე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და სწორედ ამ დროს ბედად მისმა სმარტფონმა დარეკა. ზარად ნინას „პაჩკა, პაჩკა დოლარები“ უყენია და დოლარის გაგონებაზე უფრო კარგ ხასიათზე მოვიდა. ღვიძლი და ურეკავდა, დღეს ჩემთან ჩვენი ოჯახის მკითხავი მოდის და ერთი პაჩკა მწვანე თავსახურიანი ყავა წამოიღე და სასწრაფოდ წამოდი, ხო იცი ოჯახური ტრადიციააო. ქეთინოს ძალიან გაუხარდა, მაშინვე გათიშა ტელეფონი, ხალვათად ჩაიცვა გარეთ კარგი ამინდიაო და სამარშუტო ტაქსს შეახტა.

რა თქმა უნდა ლილოს მარშუტკის ყველა მძღოლი ქეთინოს ნაცნობია და კოლმეურნეობის მოედნამდე უფასოდ იმგზავრა, აქ ჩამოვიდა, იფიქრა მიწისქვეშა გადასასვლელში კარგი ხილი აქვთ ხოლმე იაფად და ჩემს დას ვუყიდიო, თან უყვარდა როცა მარიაჟობდა ქალაქის ცენტრში ნაყიდი ხილით. მოკლედ რაც უნდოდა ფასდაკლებით შეიძინა და ისევ სამარშუტო ტაქსს მიაშურა.

თუმცა აქ დაიწყო ქეთინოს ტანჯვა. მთელი თაბუკაშვილის ქუჩა გადაჭედილი იყო მანქანებით, ისეთი საცობი იყო ინდოეთში მოპარული ნაღდი ბისერის ნემსიც კი ვერ ჩავარდებოდა. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ ქეთინო ისეთ ადგილზე მოხვდა სადაც ფანჯარა არ იღებოდა. იწრიალა ცოტა ხანს იწრიალა, ბოლოს თავისი შარმი გამოიყენა, ვიღაც მამაკაცს გაეღლაბუცა და მაინც გაშანსა ფანჯრიანი ადგილი.

სასწრაფოდ გამოაღო, გადაყო თავი ფანჯრიდან და დაიწყო პატრულის მოვალეობის შესულება, რა ექნა ნამდვილი პატრული არსად არ ჩანდა. სასტვენი თან არ ჰქონდა წამოღებული, მაგრამ თითებით ჩაფსტვინა ერთი ორი, სიტუაცია ცოტა ჭკუაზე მოიყვანა და შემდეგ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ასე არ დაეტოვებინა. საცობის ნამდვილ მიზეზთან, ბატონ ენდი გარსიასთან წასულიყო.

მისდა ბედად ენდი პარლამენტიდან გამოდიოდა და სასტუმროსკენ აპირებდა წასვლას. ქეთინომ არ დაახანა, ისკუპა და ენდის კისერზე ჩამოეკონწიალა. წამიყვანე დროზე შენს ნმერში თორემ თითებში რომ მირტყა მაინც არ გაგიშვებ ხელსო. ენდიმ ქართული არ იცის, მაგრამ ქეთინოს ნათქვამს რას არ გაიგებდა და სხვა რა გზა ჰქონდა კაბინეტში შებრუნდა.

იგრძნო თუ არა სიმყუდროვე ქეთინომ ხელი გაუშვა გარსიას, ჩამოხატა, იქვე სკამზე მოკალათდა და დაიწყო: რომ ჩამოხვედი აქ და თავი დიდი რამე გგონია, დააწყვიტე ხალხს ნერვებიო, ჯერ იყო და საწყალი ჟურნალისტები ალოდინე დილით 4 საათით, ახლა ჩემი ოჯახის მკითხავს აღარ იკითხავ? ჩემს ლოდინში ბრუალები დაეწყოო, შენ რა გგონია ეს ყველაფერი შეგრჩებაო?! ახლავე თუ არ აიკრავ გუდა-ნაბადს მე ვიცი რასაც ვიზამ, სკანდალს მოვაწყობო. დააყარა ქოქოლა, დაუწყო ლანძღვა-გინება, აიგდო აბუჩად და ბოლოს ისიც მიაძახა. შენ რომ პატიოსანი კაცი ყოფილიყავი მოდილიანის შემდეგ სააკაშვილს არ ითამაშებდიო!

ენდი მობუზული უსმენდა, ბოლოს ქართულად ამოილუღლუღა, რა ვქნა ქეთინო, განა მარტო საქართველოში გიჭირთ, მეც გამიჭირდაო, ვიფიქრე ოჯახში ერთ-ორ მილიონ კაპიკს შევიტანდიო და ზლუქუნი ამოუშვა.

ქეთინოს შეეცოდა ენდი.. ქალაქის ცენტრში ნაყიდი ხილი დაუტოვა პირი გაისველეო, ჩუმად გამოიჯახუნა კარი და წამოვიდა. ჩაფიქრებულმა დიდხანს იარა, როცა გამოერკვა უკვე ლილოში ჩასულიყო ფეხით. ერთი კი ამოიოხრა ისე რომ გული ამოატანა და მერე იფიქრა. არაუშავს, ამდენ სიარულში ერთ-ორ კილო ცელულიტს კი დავაგდებდი და მაინც არ ჩაუვლია ამ დღეს ფუჭადო და კორპუსის კიბეებს აუყვა. უყვარს ქეთინოს ყველაფერში პოზიტიურის დანახვა, გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

ასე დამთავრდა ეს დღე, მაგრამ ამ დღეებში ენდოკრინოლოგთან წასვლას ვაპირებ, ეს მესამე პირში საუბარი დამჩემდა და უნდა გავარკვიო რისი ბრალია, ვეღარ ვცნობ ჩემს თავს.

ექიმის ამბებს მერე მოვყვები, მანამდე კი მენდეთ… თქვენი ქეთნო.

October 19, 2009

ჩემი სუფთა წარსული!

დავბადებულვარ ქალაქ ორჯონიკიძეში. მზიანი ივლისის დღე იდგა, 1958 წელი. ყმაწვილქალობა აქვე გამილევია. ერთ დღეს, ჩვენს მეზობლად კბილცეცხლაანთას, ქალაქიდან სტუმრები ჩამოვიდნენ. მაშინ გამოუცდელი ყმაწვილქალი ვიყავი და გული სიამით შხიოდა. მეც დამიძახეს. სალათისთვის მწვანილი სჭირდებოდათ და იქვე ბაღჩაში გამგზავნეს მოსაკრეფად. თენგიზიც იქვე იჯდა და თუთუნს აფუილებდა, თან მალულად ათვალიერებდა ჩემს ჩადგმულ თეძოებს. გადავიხარე თუ არა, მწველი მზერა ვიგრძენი. აღშფოთებული წამოვხტი, ეს რომ ვინმეს გაეგო, ვინღა მომიყვანდა ცოლად! ჰოდა, მაშინ პირველად გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თენგიზს ცოლად შევტენოდი. იმავე ღამეს განვახორციელე ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი. დილით თენგიზის მკლავზე წამოკოკროჭინებულს გამომეღვიძა. ასე ჩავაბარე სრულიად უცხო მამაკაცს ჩემი ნანინანატრი ქალიშვილობა.

მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და საცხოვრებლად ქ. ქუთაისში გადავედით. 9 თვის თავზე ქალ-ვაჟი შეგვეძინა. ლამზირა და ონოფრე მალე წამოიჩიტნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ჩემი ონოფრე ასე გამწირავდა და მამამისთან ყველაფერს წამოროშავდა რაც იყო და არ იყო სათქმელი.

ასე დამენგრა პირველი ოჯახი.

ჩავკიდე ხელი ჩემს ლამზირას და თბილისში წამოვედი. გზად დაბა ლილოში გავჩერდით. ჩემი გოგონასთვის ტრიკოტაჟის იუბკა უნდა მეყიდა. ჩემთვის კალგოტკას ვეძებდი. მოვიზომე ერთი, მოვიზომე მეორე _ არც ერთი არ გამომადგა. ბოლოს მივადექი ერთ კაცს, რომელიც 20-დენიანი კალგოტკის ამოქაჩვაში უსასყიდლოდ დავიხმარე.

ასე შევქმენი მეორე ოჯახი.

ნაწილობრივ ჩემს ქმარს უნდა ვუმადლოდე იმას, რომ მთელ ლილოში სადაც კი ბამბაზიის საქონელი იყიდება, ჩემი წილი და წვლილია.

წავის ბეწვი, თურქული ტავარი სეზონურად, ქობულეთის პლაჟების სიმინდი, მე – გადაცემა ”პროფილში”, მე – საპროტესტო აქციებზე, მე – სუროგატი დედების ასოციაციის თავმჯდომარე, მე – მოხალისე პატრული, მე – ბუნების ქომაგი და მე – უბრალოდ დიასახლისი და კარგი დედა… ჩემი სხვა წარმატებები იხილეთ შემდეგ პოსტებში.

Blog at WordPress.com.